ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerშვედეთი, სტოკჰოლმი
შვედეთი, სტოკჰოლმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმში „ანას ცხოვრება“, რომლის გადაღებაც მიდინარე წლის მაისში დასრულდა, მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის, ნინო ბასილიას ფილმის „ანას ცხოვრება“ მსოფლიო პრემიერა 2016 წელს შვედეთში გაიმართება , — იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. 

ბასილიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გეტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება, რომელიც 29 იანვრიდან 8 თებერვლამდე ტარდება შვედეთის ქალაქ გეტებორგში. ფილმი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. 

ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მარტოხელა დედის ცხოვრებაზე, რომელსაც აუტისტი შვილი ჰყავს და რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების იმედით ამერიკაში საშოვარზე წასვლას გადაწყვეტს. თუმცა ამერიკის საელჩო მას ვიზას არ მისცემს, შემოვლითი გზებით აშშ–ში მოხვედრისთვის კი ძალიან ბევრ ფულს სთხოვენ. ამიტომ ახალგაზრდა ქალი უდიდეს რისკზე მიდის: ყიდის სახლს, ხოლო აღებულ თანხას უცნობ მამაკაცს აძლევს, რომელიც მას „ოცნებების ქვეყანაში“ ვიზის კორუფციული გზით გაკეთებას ჰპირდება. მამაკაცი ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდება, რაც ანას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. 

ფილმში „ანას ცხოვრება“, რომლის გადაღებაც მიდინარე წლის მაისში დასრულდა, მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს. 

მსახიობი ეკა დემეტრაძე
მსახიობი ეკა დემეტრაძე  - Sputnik საქართველო
მსახიობი ეკა დემეტრაძე

„ანას ცხოვრების“ დაფინანსება ქართულმა კინოცენტრმა 2015 წლის სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გამარჯვების შემდეგ გადაწყვიტა. 

რეჟისორმა, დრამატურგმა, სცენარისტმა და მწერალმა ნინო ბასილიამ მოსკოვის სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლესი კურსები დაასრულა. მას გადაღებული აქვს 25 დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 

ნინო ბასილია ასევე გახლავთ ავტორი სცენარისა 12 სერიიანი ფილმისთვის „კარუსელი“ (НТВ, მოსკოვი, 2004 წ.), რომანებისა: „პლასტმასის ნერვი“ და „შიში“, პროზაული კრებულისა „აკვარიუმი“, პიესებისა: „ლიფტიორი“ და „თაგვი“ და ასევე საბავშვო ლექსების კრებულისა „მე პატარა ადამიანი ვარ“. 

გეტებორგის კინოფესტივალი (Göteborgs filmfestival) — პირველად 1979 წელს გაიმართა. დღეისათვის ეს არის სკანდინავიაში უმსხვილესი კინოფესტივალი, რომელზეც ყოველწლიურად, ათი დღის განმავლობაში, 450 ფილმს უჩვენებენ 60 ქვეყნიდან. გამარჯვებულს შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის სახელობის პრიზი გადაეცემა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0