თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისის პროკურატურამ, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი მაგდა პაპიძის განცხადების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრა, — იუწყება პროკურატურის პრესსამსახური.
მაგდა პაპიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის მოსმენისას ბრალი პოლიციელებს დასდო და განაცხადა, რომ დაკავებისას მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ.
„2015 წლის 22 დეკემბერს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული მუხლი 5–დან 8 წლამდე პატიმრობასა და თანამდებობის დაკავების აკრძალვას ითვალისწინებს.