თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. რაგბიში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე 2015 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რომელიც ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ allsportsnews.co.uk–მა შეადგინა.
წლის ნაკრებში ქართველმა ფლანკერმა მეექვსე ნომერი მიიღო, თუმცა ნაკრებში გორგოძე მერვე ნომრით თამაშობს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თავის ამჟამინდელ კლუბში – ფრანგულ „ტულონში“ „გორგოძილა“ ხანდახან მეექვსე ნომრის პოზიციებზე თამაშობდა.
ინგლისსა და უელსში გამართულ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტანი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დასახელდა: ტონგას წინააღმდეგ მოგებულ და ახალ ზელანდიასთან წაგებულ მატჩებში.
2015 წლის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ახალ ზელანდიას ჰყავს. პლანეტის 15 საუკეთესო რაგბისტთა შორის მსოფლიო თასის მფლობელთაგან ექვსი მოთამაშე მოხვდა.