ვისაც სურს ნახოს, თუ ვინ არის საქართველოში, დიდი ფანტაზიითა და წარმოსახვით დაჯილდოებული რეჟისორი, ვურჩევდი მუსიკისა და დრამის თეატრში წასვლას, სადაც ამ დღეებში დავით დოიაშვილმა რიუნოსკე აკუტაგავას ნოველების მიხედვით „ცხოვრება იდიოტისა“ დადგა. 22 წლის წინ, მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტმა, იაპონელი ავტორის იმავე ნაწარმოების განხორციელება გადაწყვიტა. რეპეტიციები, ხშირად დილამდე გრძელდებოდა და პირადად მე, იშვიათად მინახავს ასეთი გაერთიანებული და ერთსულოვანი, შემოქმედებითი ენერგიით დამუხტული ჯგუფი. მაშინ სპექტაკლს დიდი წამატება ხვდა წილად, მან 90-იანი წლების ახალგაზრდა თაობა გააერთიანა.
ახალი სპექტაკლი ძველს არ ჰგავს, რეჟისორი არ მეორდება, პირიქით, ის ქართული თეატრისათვის უჩვეულო ტექნიკურ სიახლეებს იყენებს და ისეთ ლოგიკურ სვლებთან აერთიანებს, რომ ძალაუნებურად აზროვნებას იწყებ, სიტყვას, ფრაზას ყურს უგდებ და შენს თვალწინ შექმნილი ცოცხალი, უმშვენიერესი სურათებით ტკბები. არ დამავიწყდება ჯადოქრის უზარმაზარ, თითქმის სამ მეტრიან ფიგურად გადაქცევა, მის სხეულში გაჩენილი უამრავი ხელების ამოქმედება, რომელშიც კონკრეტულ პიროვნების ნიშან-თვისებებსაც შეიგრძნობდით. ზმანებების შეტევით შეძრული სენსეისა და დავით დოიაშვილის წარმოსახვები სიზმრის პლასტიურობას ჰგავდა, სადაც მაყურებელიც თავისუფლად დანავარდობდა. ოთხკუთხედი ოთახი, ზოგიერთ დიალოგში ტრიალებდა და მსახიობი უცებ თავდაყირა აღმოჩნდებოდა. ორი, პარალელურად მოძრავი ფიცარნაგი ფიგურების მოქმედებას ერთვოდა და ჩვენს სიზმარს ახანგრძლივებდა.

რეჟისორი დავით დოიაშვილი: ეს მოთხრობა, ჩემთვის არის რწმენაზე. თუ შენ გწამს, ყველაფერს დაიჯერებ და ის, ვინც რწმენის გარეშე ცხოვრობს, იდიოტია ან არ ცხოვრობს — აი, ეს არის ჩემი სათქმელი.
ამ სპექტაკლის პრემიერა გაიმართა ნიუ–იორკში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე,,Midtown International Theater Festival”, სადაც კოტე ფურცელაძის „კარმენი“ იყო წარდგენილი, მაგრამ მთავარი როლის შემსრულებელს ფეხი დაუზიანდა და ვინაიდან 4 სპექტაკლის ბილეთები, წინასწარ გაყიდული იყო,სასწრაფოდ მოვნახეთ გამოსავალი. ამიტომ დავდგი ეს ნაწარმოები, თორემ წარსულთან დაბრუნება არ მიყვარს. ამ სპექტაკლით მიგვიწვიეს ახალ ზელანდიაში, ვენაში, პოლონეთში… და ვინაიდან სარეპერტუარო სპექტაკლია, რატომ არ უნდა გვეთამაშა აქ?
სენსეის როლის შემსრულებელი, მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი: პირველი ემოციური იმპულსი მივიღე 22 წლის წინ, როცა დათოს სპექტაკლი ვნახე კინომსახიობთა თეატრში და დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ამიტომ, ამ სპექტაკლზე მუშაობის დროს ასმაგი პასუხიმგებლობა მქონდა. შემოქმედება ყველაზე დიდი მაგიაა! თუ ადამიანს გწამს და მიზანს დაისახავ, აუცილებლად მიაღწევ სასურველს. თუ გინდა მწერალი გახდები თუ გინდა გაფრენა, გაფრინდები. ამიტომ თუ არჩეულ გზას დაადგები და იწამებ, აუცილებლად მიაღწევ მიზანს.
გონსკეს როლის შემსრულებელი, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი: ჩემთვის წმინდანი რა არის? ეს არის ადამიანი, რომელზეც არ მოქმედებს ხორციელი მოვლენები. ეს სულის მდგომარეობაა და ამის მიღწევა ყველა ადამიანს შეუძლია. მთავარია სურვილი, გულწრფელობა და რწმენა გქონდეს, ანუ ყველაფერი ის, რაც ამ პერსონაჟს ჰქონდა. ადამიანს, ხომ ყველაფრის რესურსი აქვს, მთავარია, ვინ, საით და როდის მიმართავს, როგორ გამოიყენებს ამ რესურს. დღეს, თბილისში ადამიანს შეუძლია გახდეს წმინდანი და „გაფრინდეს“.
ჯადოქრისა და სტუმრის როლის შემსრულებელი, მსახიობი ნანა ბუთხუზი: მსახიობისათვის მნიშვნელოვანია გაიარო ამ პერსონაჟების ცხოვრება, ისე, რომ სადმე ძაფი არ გაწყვიტო. ცხოვრებაშიც ასეა, ხან ჯადოქრები ვართ, ხან წინასწარმეტყველნი და ხან სტუმრები… ზოგჯერ ისეთი მგომარეობა გვაქვს, რომ უსქესონი ვხდებით. ხან ისეთი მისია დაგვეკისრება, რომ შეიძლება ადამიანი განვკურნოთ სიტყვით, მოქმედებით, რწმენით. ადამიანის ერთ ღიმილში, მის კეთილ საქციელში, ნებისმიერ პოზიტივში — ყველგან, ხომ ქრისტეს სული ტრიალებს.
ცინხუას როლის შემსრულებელი, მსახიობი ბუბა გოგორიშვილი: ამ ბოლო დროს, მომიწია ლედი მაკბეტის, ტიტანიას, მედეას თამაში… ამ როლმა, სულზე მომისწრო. ის საცრად გულწრფელია, რწმენით აღსავსე. მე ის ძალიან მიყვარს, უცებ გავხდი 15 წლის — ამ ასაკს, ხომ ვეღარ დავუბრუნდები და თურმე რა კარგი ყოფილა.

რეჟისორი დავით დოიაშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია „პოეტური თეატრი“, რომლის კეთებაც ძნელია და დღეს ამ სტილისტიკაში მუშაობა ყველაზე რთულია. ჩემთვის მთავარი იყო ამ მსახიობებისათვის ამეხსნა: საითკენ უნდა წავიდეს თეატრი და როგორ არ მოკლან თავის თავში პოეზია და რწმენაც, ეს არის ჩემთვის მთავარი.
- თქვენ აღნიშნეთ პოეტურ თეატრის სიყვარული და გამახსენდა, რიმას ტუმინასის ბრწყინვალე სპექტაკლი „ევგენი ონეგინი“, დღემდე არ ცხრება კამათი.
-მე ვგიჟდები მის რეჟისურაზე, ვგიჟდები მის პოეტურ თეატრზე და ვგიჟდები რეჟისორებზე, რომლებიც პოეზიას უფრო მაღალ რანგში წევენ და კიდევ უფრო დიდ, პოეტურ თეატრს აკეთებენ. ამიტომ, სასაცილოა ის აზრი, რომ პოეტური თეატრი, თურმე მოძველებულია. მე წავიკითხე რომელიღაც რეცენზია, სადაც წერია, რომ რიმას ტუმინასის „ევგენი ონეგინი“ ნოვატორული არ ყოფილა და ეს არის ძველი თეატრი — ეს იდიოტიზმია! მინდა მათ გასაგონად ვთქვა — ან თეატრი ისწავლონ ან პუშკინი კარგად წაიკითხონ ან ვინმეს ჰკითხონ ნოვაცია რა არის და მერე ილაპარაკონ, ან გაბედონ წერა!
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსიკისა და დრამის თეატრში დადგმული ახალი წარმოდგენით — „ცხოვრება იდიოტისა“, დავით დოიაშვილი ლიდერი გახდა.