თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ჯიბუტის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაჰმუდ ალი იუსუფმა (Mahamoud Ali Youssouf) განაცხადა, რომ შეტაკებების შედეგად მინიმუმ შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 23 დაიჭრა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.
„სამედიცინო სამმართველომ განაცხადა, რომ შვიდი ადამიანი დაიღუპა“, — აღნიშნა მინისტრმა.
ჯიბუტიში შეტაკებების მიზეზი კვლავ უცნობი რჩება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ექვსი მამაკაცი მაჩეტეთი მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა, ერთი გოგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიღუპა. შეტაკებების დროს პოლიციის 50–მდე თანამშრომელი დაიჭრა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ვითარებას აკონტროლებენ.
მანამდე სააგენტო „როიტერი“ იუწყებოდა, რომ შეტაკებები ორშაბათს დილით დაიწყო, მაგრამ მიზეზი უცნობია.
ოპოზიციური კოალიციის Union pour le Salut National წარმომადგენელმა ქადარ აბდი იბრაიმმა (Kadar Abdi Ibraim) სააგენტოს განუცხადა, რომ პოლიციამ იერიში მიიტანა იმ სახლებზე, სადაც ადამიანები აკრძალული რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად იკრიბებოდნენ.
ხელისუფლებისა და ოპოზიციონერების მონაცემები მსხვერპლის რაოდენობასთან დაკავშირებით, განსხვავდება. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ძალებს „რამდენიმე ათული შეიარაღებული პირი“ დაესხა თავს, რომელთა მიზანიც „ერის დესტაბილიზება და უთანხმოების დათესვა“ იყო.
ჯიბუტის რესპუბლიკა აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფოა. ჩრდილოეთით ის ერიტრეას ესაზღვრება, დასავლეთითა და სამხრეთით — ეთიოპიას, სამხრეთ–აღმოსავლეთით — თვითგამოცხადებულ სომალილენდს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა სომალის ნაწილად მიიჩნევს.