თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და უეფა სამძიმარს უცხადებენ უეფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის პროგრამული მენეჯერის, დავით პეტრიაშვილის ოჯახს მისი გარდაცვალების გამო
თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 46 წლის დავით პეტრიაშვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
„გვინდა სამძიმრის სიტყვები ვუთხრათ დავით პეტრიაშვილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს. ჩვენთვის, ისევე როგორც მათთვის, ეს უდიდესი განსაცდელია. იგი ყოველთვის იყო ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი, საქართველოს ელჩი უეფაში, რომელიც ძალღონეს არ იშურებდა ქართული ფეხბურთის წინსვლისა და განვითარებისათვის“, — ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.
ამ ტრაგედიის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმებულია.
სამძიმრის წერილს ავრცელებს უეფაც, რომელშიც ნათქვამია:
„დავით პეტრიაშვილი განუხრელი პოპულარობით სარგებლობდა უეფას სხვადასხვა ღონისძიებაზე და კოლეგებისა და სხვა ასოციაციებიდან მეგობრების პატივისცემას იმსახურებდა კომპეტენტურობისა და პროფესიონალიზმისთვის ფეხბურთის განვითარების საქმეში“.
პეტრიაშვილმა უეფაში მუშაობა 2011 წლის 15 ივნისს დაიწყო, ხოლო 2013 წელს პროექტების მთავარი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დააწინაურეს. იგი იყო უეფას პროგრამა „ჰეთ თრიქის“ მთავარი საკონტაქტო პირი 54 ეროვნული ასოციაციისთვის და ეხმარებოდა მათ სპორტული და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებაში.
უეფაში მუშაობის დაწყებამდე დავით პეტრიაშვილი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო განყოფილების თანამშრომელი, ხოლო კიდევ უფრო ადრე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი. მოგვიანებით ის „დინამოში“ ხელმძღვანელ პოსტებზე, მათ შორის, აღმასრულებელ დირექტორადაც მუშაობდა.