თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ აქტიურობის გამო ნიგერიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მილიონზე მეტი ბავშვი სასკოლო განათლებას ვერ იღებს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.
„რაც უფრო დიდხანს არ დადიან ბავშვები სკოლებში, მით უფრო დიდია მათთვის ძალადობის, გატაცებისა და შეიარაღებულ დაჯგუფებებში გადაბირების საფრთხე“, – ციტირებს სააგენტო დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში იუნისეფის რეგიონული განყოფილების დირექტორის მანუელ ფონტენის სიტყვებს.
ნიგერიაში, კამერუნში, ჩადსა და ნიგერში ორი ათასზე მეტი სკოლაა დაკეტილი, ტერორისტები ასობით სკოლას ესხმიან თავს.
ნიგერიის პრეზიდენტის მუჰამადუ ბუჰარის განკარგულების თანახმად, „ბოკო ჰარამის“ ბოევიკების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები ტერორისტულ დაჯგუფებაზე გამარჯვებით თვის დასასრულს უნდა დამთავრდეს. როგორც იუნისეფში აღნიშნავენ, ოპერაციის წარმატებით დამთავრების შემთხვევაშიც ქვეყნის ხელისუფლებას ბრძოლა მოუწევს სოციალურ პრობლემებთან, რომლებიც იმ თაობის შედეგი გახდება, რომლებმაც სასკოლო განათლება ვერ მიიღეს.
„ბოკო ჰარამი“ ნიგერიის ჩრდილო–აღმოსავლეთით მოქმედებს. ამ ტერიტორიებზე მომხდარი ტერაქტების უმეტესობის უკან ამ დაჯგუფების ტერორისტები დგანან, ტერორისტულ აქტებს „ბოკო ჰარამი“ ნიგერის, კამერუნისა და ჩადის მხრიდან სამხედრო კამპანიის საპასუხოდ, რეგულარულად აწყობს.