თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების მხარდამჭერი საქველმოქმედო კონცერტი 25 დეკემბერს გაიმართება, იუწყება თბილისის მერიის პრესსამსახური.
საქველმოქმედო კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში“ და მოხმარდება 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების მკურნალობას.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები ალექსანდრე ვასაძე (ორგანი), სალომე ჯიქია (სოპრანო), ნანა ძიძიგური (მეცო-სოპრანო), დირიჟორი — ვახტანგ კახიძე. საახალწლო კონცერტზე შესრულდება ბახის ნაწარმოებები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, „სოლიდარობის ფონდი“, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.