ექსპერტი: აზერბაიჯანის ეკონომიკა სერიოზულ სავალუტო შოკშია

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრძელვადიან პერსპექტივაში, საბოლოოდ, მცურავი კურსი მანათის საბაზრო კურსთან შესაბამისობაში მოვა და ეკონომიკური პროცესების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, მიიჩნევს ლევან კალანდაძე.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება ეროვნული ვალუტის – მანათის მცურავი კურსის შემოღების შესახებ ქვეყნისთვის სერიოზული სავალუტო შოკი გახდება, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ეკონომიკური პროცესების სტაბილიზება გამოიწვიოს, განუცხადა Sputnik–ს ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძემ.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი 21 დეკემბერიდან მანათის მცურავ კურსზე გადავიდა, ეროვნული ვალუტის მიმართება აშშ დოლართან ორშაბათს 1,55 აზერბაიჯანულ მანათამდე დავარდა, ევროსთან მიმართებით მანათის კურსი 1,685 დონეზე ფასდება. 

„ის, რომ აზერბაიჯანმა არჩევანი გააკეთა მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმის სასარგებლოდ, ბუნებრივია, ეს საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა რაციონალური და პრაგმატული თვალსაზრისით, ეს არის სწორი გადაწყვეტილება. აზერბაიჯანმა უარი თქვა ხელოვნურად კურსის დაჭერაზე“, – განაცხადა კალანდაძემ.

ექსპერტის განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილებამ აზერბაიჯანს სავალუტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირა და ბუნებრივია, ამან მნიშვნელოვანწილად აზარალა თავად მანათის კურსი, რადგან აზერბაიჯანის ეკონომიკა მთლიანად ნავთობიდან შემოსულ შემოსავალზეა დამოკიდებული.

„აზერბაიჯანს უწევდა ხელოვნურად კურსის დაჭერა და პრაქტიკულად მთელი საკუთარი სავალუტო რეზერვი სწორედ ამ კურსის ხელოვნურად უზრუნველყოფისკენ ჰქონდა მიმართული“, – მიიჩნევს კალანდაძე.

მისი განცხადებით, მცურავ კურსზე გადასვლის შემდეგ 75%–ით გაუფასურდა მანათის მსყიდველობითი უნარი და მოკლევადიან პერიოდში აზერბაიჯანის ეკონომიკისთვის ეს სერიოზული სავალუტო შოკია, თუმცა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, საბოლოო ჯამში, მცურავი კურსი უზრუნველყოფს მანათის საბაზრო კურსის შესაბამისი კურსის ჩამოყალიბებას და ეს შეიძლება გახდეს ეკონომიკური პროცესების დასტაბილურების პირობა, მიიჩნევს ექსპერტი.

 


ყველა ახალი ამბავი
0