თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი Qatar Masters Open — 2015-ის ტურნირის პირველ დღეს ყველაზე ხმაურიანი სენსაციის ავტორი გახდა. შავი ფიგურებით მოთამაშე ნინო ბაციაშვილმა ფრე ითამაშა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან და მამაკაცთა საჭადრაკო რეიტინგის ლიდერთან ნორვეგიელ მაგნუს კარლსენთან.
„ფრე ვითამაშე კარლსენთან და 15 —მა ადამიანმა მეგობრობის მოთხოვნა გამომიგზავნა ფეისბუქზე“, — ასეთი ირონიული კომენტარი გააკეთა ბაციაშვილმა თავის გამარჯვებაზე.
ნაკლებ იღბლიანი გამოდგა სასტარტო ორთაბრძოლები სხვა ქართველო მოჭადრაკე ქალებისათვის. ბელა ხოტენაშვილმა წააგო რუს ვლადიმირ კრამნიკთან, სოფია გურამიშვილმა იტალიელ ფრანჩესკო რამბალდისთან ხოლო ქართული ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ მაროკოელ მოჰამედ ტისირისთან.
ტურნირი Qatar Masters Open — 2015 ზედიზედ მეორე წელია ტარდება. მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 132 უძლიერესი დიდოსტატი, რომელთა რეიტინგი 2300 ქულას აჭარბებს. შეჯიბრი 9 ტურად ტარდება კომპაქტური შვეიცარული სისტემით.
ტურნირის საპრიზო ფონდი 130 ათასი დოლარია, მათგან 27 ათასს გამარჯვებული მიიღებს. მოჭადრაკეები რომლებიც მეორე და მესამე ადგილებს დაიკავებენ, თავის საბანკო ანგარიშს შესაბამისად 16 და 12 ათასი დოლარით შეავსებენ.