თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირმა საბოლოოდ დაადასტურა რუსეთისათვის არსებული ეკონომიკური სანქციების გაგრძელების საკითხი 2016 წლის 31 ივნისამდე, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს შეტყობინებაში.
გადაწყვეტილება ორშაბათს შეთანხმდა წერილობითი პროცედურის ფარგლებში მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს იგი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა მოიწონეს.
გასულ კვირას ევროკავშირთან დაახლოებულმა წყარომ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს აცნობა, რომ სანქციების პაკეტი არ შეიცვლება — საუბარია მისი მოქმედების ვადების ტექნიკურ გაგრძელებაზე. მან ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძალაში უნდა შევიდეს სამშაბათს.
„2015 წლის 21 დეკემბერს საბჭომ გააგრძელა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოქმედების ვადა 2016 წლის 31 ივლისამდე“, — ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ სანქციების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფონზე, რომ 2015 წლის 31 დეკემბრამდე ბოლომდე არ იქნება შესრულებული უკრაინის კრიზისის დარეგულირების მინსკის შეთანხმება.“საბჭო განაგრძობს შეფასებას იმპლემენტაციის პროცესში“, — ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე გაუარესდა. 2014 წლის ივლისის ბოლოს ევროკავშირი და აშშ ცალკეული ფიზიკური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ წერტილოვანი სანქციებიდან, რუსული ეკონომიკის მთელი სექტორების წინააღმდეგ სანქციებზე გადავიდა. ამის საპასუხოდ რუსეთმა იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირეს, შეზღუდვები დააწესა. 2015 წლის ივნისში სანქციების ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილების პასუხად, რუსეთმა პროდუქტებზე დაწესებული ემბარგო 2016 წლის 5 აგვისტომდე გააგრძელა.