თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. 2016 წელს წელს რუსეთი გაამარტივებს სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისათვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ორშაბათს, 21 დეკემბერს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარასკევს, 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა მზადაა გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველო მოქალაქეებისათვის და აღნიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდა საქართველოსთან.
„მომავალი წლიდან, ჩვენ მარტივი მიმოსვლა გვექნება რუსეთთან. მიუხედავად ურთულესი პრობლემებისა, ჩვენ შევძელით შეხების წერტილების მოძებნა. რუსეთი აპირებს მოხსნას ან გაამარტივოს სავიზო რეჟიმი. დაახლოებით ორი თვის შემდეგ, უფრო მეტი კონკრეტიკა გვექნება. სანაცვლოდ ჩვენგან არაფერი მოითხოვება“, — განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს.
რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2000 წლის დეკემბერში, თავის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან ტერორისტების თავდასხმის საშიშროების გამო დააწესა. თუმცა, მოგვიანებით მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურის არსებითი ლიბერალიზაცია მოახდინა. საქართველომ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის 2012 წლის 29 თებერვალს გააუქმა.
რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს., მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ.