თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
„მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება კალათბურთის ფედერაციაში მომუშავე ყველა იმ პიროვნებისადმი, რომლებმაც ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობის საშუალება მომცა. მადლობა თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ნაკრებში დასაქმებულ ყველა ადამიანს მრავალი საათის დაუღალავად შრომაში გატარებისთვის“, – აღნიშნულია წერილში.
კოკოშკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მას საქართველოს ნაკრებთან მუშაობამ ფასდაუდებელი გამოცდილება შესძინა.
„უამრავი გამოწვევა გვქონდა, უამრავი სიძნელე გადავლახეთ ერთად, რათა დასახული მიზნებისთვის მიგვეღწია. ამასთან, საქართველოს ნაკრები მუდმივად იზრდებოდა, როგორც გუნდი, რაც ჩემთვის ახლაც საამაყოა“, – აღნიშნა კოკოშკოვმა.
წერილის დასასრულს სერბმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ გუნდისთვის მუდამ №1 გულშემატკივრად დარჩება.
იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს სათავეში 2008 წელს ჩაუდგა. 2011 წელს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მას კონტრაქტი 2+2 სისტემით შესთავაზა. კოკოშკოვის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რის შემდეგაც კონტინენტის პირველობაზე კიდევ ორჯერ მონაწილეობდა.
ამჟამად იგორ კოკოშკოვს ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „იუტა ჯაზში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობა უკავია.