თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველო მუშაობს იმაზე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ გამარტივებული წესით მისცენ ქართული ბიომეტრიული პასპორტები, რათა მათ შეძლონ ევროპაში უვიზო მიმოსვლა, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.
18 დეკემნერს გამოქვეყნდა ევროკომისიის დადებითი დასკვნა საქართველოსა და უკრაინის მზადყოფნაზე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამყარების თაობაზე. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე თვეში ამ ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში.
„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ბიომეტრიული პასპორტების აღების პროცედურა უფრო მარტივი იყოს იმ ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის. ეს არ იქნება სრულად უკონტროლო პროცესი, რადგან, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ევროკავშირის წინაშე, რომ საქართველოს მთავრობა პასუხს აგებს ყველა მოქალაქეზე, რომელიც ევროპაში ბიომეტრიული პასპორტით ჩავა“, — განაცხადა ციხელაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მალე უწყება მიაწვდის ინფორმაციას აფხაზურ და ოსურ მხარეს, რა პროცედურები უნდა გაიარონ პასპორტის მისაღებად.
ევროკომისიის დასკვნა სულაც არ ნიშნავს ვიზების ავტომატურ გაუქმებას. როგორც ევროკომისარმა მიგრაციის, შინაგან საქმეტა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, ევროკომისია 2016 წლის დასაწყისში შესთავაზებს ევროკავშირს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებებს. კერძოდ, ევროკომისია შესთავაზებს შეიყვანონ საქართველო და უკრაინა იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთა მოქალაქეებს 3 თვის ვადით ევროპაში მოგზაურობისათვის ვიზები არ სჭირდებათ. ამ წინადადებას ევროპარლამენტი განიხილავს, რის შემდეგაც იგი განსახილველად ევროკავშირის საბჭოს გადაეგზავნება. მხოლოდ ამ ორგანოების თანხმობის შემდეგ შევა შესაბამისი ცვლილება ეროკავშირის რეგლამენტში. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ უფლება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში და ამ პროცედურისათვის რამდენიმე თვიანი ვადაა საჭირო.