თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას შესაძლოა ქვეყნიდან მოსახლეობის დიდი რაოდენობით გადინება მოჰყვეს,–განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები– ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ.
„ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია ძალიან კარგია, მაგრამ მას დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვს,სამწუხაროდ არ ხდება იმ რისკების შეფასება, რომლებიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას შეიძლება მოჰყვეს, არავინ კითხულობს არის თუ არა იმის საფრთხე, რომ ქვეყანამ ასეთი სიდუხჭირის და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეიძლება თავისი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაჰკარგოს“–მიაჩნია ნანა კაკაბაძეს.
მისი თქმით, მართალია ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ევროპის ქვეყნებში 90 დღის ვადით შესული საქართველოს მოქალაქეების დარჩენა არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ მათ არალეგალებად ქცევის უფრო მეტი შანსი ექნებათ, ვიდრე სავიზო რეჟიმის არსებობის შემთხვევაში.
„დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ გახშირდება ჩვენი მოქალაქეების ევროპაში არალეგალურად დარჩენა. შემდგომ ისინი შეიძლება მონურ შრომას დაექვემდებარონ, გართულდეს მათი უფლებრივი მდგომარეობა.
აქედან გამომდინარე ყველაფერ დადებითს აქვს თავისი უარყოფითი და მას პრევენცია სჭირდება“–თვლის ნანა კაკაბაძე.
ვიზების გაუქმება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში შესვლისას, არ შეეხებათ იქ სამუშაოდ შესულ პირებს.
ევროკომისიას არ დაუთვლია საქართველოსა და უკრაინის რამდენი მოქალაქე ჩავა ევროკავშირში ვიზების გაუქმების შემდეგ, მაგრამ თვლის, რომ სტუმრების დიდი ნაკადი მხოლოდ დაადასტურებს თანამშრომლობის ეფექტურობას, განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქოების საკითხებში დმიტრის ავრამოპულოსმა.
მანამდე ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს ყველა ვალდებულება ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისათვის. 2016 წლის დასაწყისში ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს წარუდგენს ნორმატიულ წინადადებებს, რათა ისინი ჩართოს იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზები არ ესაჭიროებათ. ამასთან ევროკომისია აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ.