ნინო ცხოიძე
პარასკევს, როცა საქართელო ევროპასთან მიმოსვლის გაიოლებას ელოდა, დილის 10.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყველა ერთისათვის” ხელმძღვანელმა ნოდარ ბერიძემ, დაპირებისამებრ, წითელი ხიდიდან ველოტურში "მშვიდობის და მეგობრობის ხიდი" სტარტი აიღო. მასთან შესახვედრად დაინტერესებული პირები და გულშემატკივრები ჩამოვიდნენ მარნეულიდან, თბილისიდან და რუსთავიდან. მათ შორის იყო ”პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი ემზარ კვიციანი. ამდენად, სტარტი პირდაპირ ეთერში გააშუქა ”ობიექტივის” ინტერნეტ-ტელევიზიამ. ასევე, დაინტერესდა ქვემო ქართლის ტელევიზიაც.
ნოდარ ბერიძეს ველოტური ცნობილი ველოსპორტსმენის, ჯუმბერ ლეჟავას ინიციატივით და მასთან ერთად უნდა განეხორციელებინა. მაგრამ ბატონი ჯუმბერის მოულოდნელმა გარდაცვალებამ გეგმები შეცვალა, თუმცა, ტურნირები არ გაუქმებულა. პროგრამა ”დამელოდეს” საქართელოს წარმომადგენელმა და ”ყველა ერთისათვის” ხელმძღვანელი თავად დაეუფლა ველოსიპედის და მისთვის უცნობი სფერო გაითავისა. მან უკვე რამდენიმე ტურნირის გამართვა მოასწრო საქართველოში და უკრაინაშიც.
ამჯერად, იგი გეგმავს, წითელი ხიდიდან ენგურის ხიდამდე ველოსიპედით იმოგზაუროს და გზადაგზა ხალხსაც შეხვდეს, რითაც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ჯუმბერ ლეჟავას სახელის უკვდავყოფასაც ისახავს მიზნად.
გუშინ მან წითელი ხიდიდან ჯერ მარნეულისკენ გადაინაცვლა. მარნეულის სპორტულ სკოლასთან მას დახვედრა მოუწყვეს. შემდეგ შეხვედრა იყო რუსთავში. დღეს კი, ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, რუსთავიდან დასავლეთ საქართველოსაკენ დაიძრა. გამოიარა თბილისი და მცხეთაში შეჩერდა. ხვალ გორამდე ჩავა და იქ შეისვენებს. ზეგ ხაშურში იქნება, შემდეგ ქუთაისში, სენაკში და ასე ჩავა ზუგდიდამდე. ტურნირი ერთკვირიანია.
”ეს არის მოსამზადებელი მარშრუტი დიდი ტურისათვის, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მოიცავს. მე ამ 850 დღიან ტურს ვაკეთებ ქვეყნის სახელით. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ პატრიორტთა ალიანსი მეხმარება. მათი წევრები მხვდებიან ყველა ქალაქში და ღამის გათევასაც მათთან ვახერხებ”- მითხრა ნოდარ ბერიძემ.
მისი თქმით, ტურნირის დაწყებამდე მან წერილობით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მაგრამ დაპირებული დახმარება ჯერ არ მიუღია. ნოდარ ბერიძე იმედოვნებს ამ დონის პროექტი მიიქცევს მთავრობის ყურადღებას.