ვისთვის უცნობი და ვისთვის ნაცნობი ქეთი დოლიძე

© ი. მეჩითოვირეჟისორი ქეთი დოლიძე იუბილარია
რეჟისორი ქეთი დოლიძე იუბილარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელგანთქმული რეჟისორი იუბილარია!

 „წელს 70 წლის გავხდი და თავს გადასარევად ვგრძნობ… მე მგონია, რომ 35 წლის ვარ და ასეთი ვიქნები, კიდევ დიდხანს!“ გვითხრა ქალბატონმა ქეთი დოლიძემ. თუმანიშვილის თეატრში, თეატრისა და კინოს რეჟისორის 70 წლის იუბილეზე, ნაცნობ-მეგობრები, თატრის მოღვაწეები და ნათესავები შეიკრიბნენ. საღამოზე, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდა, სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ყველა გულთბილად და იუმორით ახასიათებდა იუბილარს და  მის თავგადასვლებით აღასავსე ცხოვრებაზე, შემოქმედებით და პიროვნულ ღირსებებზე ყვებოდნენ. 

გულწრფელი, ენერგიული, მხიარული, მუდამ მოქმედი და დაუღალავი — ამ რამდენიმე სიტყვით, მოკლედ შეიძლება დავახასიათოთ ქალბატონი ქეთი დოლიძე, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის მიერ თეატრალურ ინსტიტუტში შექმნილი „მე-11 აუდიტორიის“ წარმომადგენელია. 1975 წელს, ამ მცირე თეატრალურმა დასმა შექმნა სპექტაკლი — „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“. 1978 წელს რეჟისორებისა და მსახიობების ამ ბირთვის საფუძველზე, გაიხსნა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნო“, რომელსაც მოგვიანებით „კინომსახიობთა თეატრი“ უწოდეს.

ახალგაზრდა ქეთი დოლიძე, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო და ის მიხეილ თუმანიშვილის ადგილს დაიკავებდა, დღეს ხომ ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ თეატრის რეპერტუარში მის ბევრ სპექტაკლს შეხვდებით. მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, თეატრში წესით და კანონით „დიდი კრიზისი“ უნდა დაწყებულიყო და დაიწყო კიდეც, ვინაიდან „მიხეილ თუმანიშვილის“ თეატრს ვერავინ შეცვლიდა და როგორც დიდი რეჟისორი ამბობდა: „ჩემ შემდეგ ახალი თეატრი უნდა დაიბადოს“.

ახალი თეატრის დაბადება, მარტივი პროცესი არ არის, ქეთი დოლიძემ ამის შესახებ იცის და „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე“ დაყრდნობით, ქართული თეატრის განახლების სულ სხვა, განსაკუთრებული ფორმა აირჩია. მიხეილ თუმანიშვილი თანამედროვე მსოფლიოს თეატრალურ პროცესებში, ყოველთვის ჩაბმული იყო. მან ყველა თეორიული სიახლე იცოდა და რეპეტიციებზე თუ თავის სპექტაკლებში ნერგავდა. დღეს, როცა  მსოფლიოსთან მისასვლელი გზები თავისუფალია, ქეთი დოლიძე აგრძელებს დიდი მაესტროს გზას, ის ქართველ მაყურებელს, მსახიობებს, რეჟისორებს და თეატრმცოდნეებს თანამედროვე თეატრში მიმდინარე პროცესებს უჩვენებს. სიმბოლურია, როცა ფესტივალის გახსნის დღეს, ქეთი დოლიძე ქართველ თუ უცხოელ თეატრალებს, გადასცემს მიხეილ თუმანიშვილის ქანდაკების ასლს, რომლის ორიგინალი, შესრულებული გია ჯაფარიძის მიერ, თეატრის ფასადს ამშვენებს. ამ „უბრალო“ ჟესტით, ქეთი დოლიძე  დიდი მაესტროს პროფესიონალიზმს ხაზს უსმევს  და დღეს ეს ქანდაკებები ბევრი ხელოვანის საპატიო ადგილს ამშვენებს.

რეჟისორი ქეთი დოლიძე იუბილარია
რეჟისორი ქეთი დოლიძე იუბილარია - Sputnik საქართველო
რეჟისორი ქეთი დოლიძე იუბილარია

მოქანდაკე გია ჯაფარიძე: მე და ქეთი დოლიძე სკოლის მერხიდან ვმეგობრობთ და ის, რომ თუმანიშვილის ქანდაკება მე გავაკეთე, ბუნებრვია, ამ საქმეში ქეთი დოლიძე წამყვანი ფიგურა ბრძანდებოდა. მე ქანდაკება გავაკეთე, არქიტექტურა თემურ ჯორჯაძემ, რომელიც ასევე ჩვენი ბავშვობის მეგობარია. ქეთი 70 წლის გახდა და ის ძალიან ბევრი ლამაზი და კარგი სიტყვების ღირსია. „ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ ევროპული კულტურის ნაწილი გახდა და ეს უზამაზარი მიღწევაა. ქეთი დიდ საქმეს აკეთებს და ქვეყნის სამსახურისთვის საზოგადოებამ მას მადლობა უნდა უთხრას. ამიტომ მე ტაშს ვუკრავდი ქეთის, ახლაც და მომავალშიც დავუკრავ ტაშს იმიტომ, რომ თავისი ნიჭითა და საოცარი ენეგიით, ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

 მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე: ქეთისთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. სიამოვნებით გავიხსენებდი იმ დროს, როცა მესამე კურსელ სტუდენტს უფლება მომცეს მეთამაშა სპექტაკლში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. ჩემ სათაყვანებელ თეატრში მოვედი და ქეთი დოლიძემ გულღიად გამიღო საგრმიოროს კარი, მის საკაზმულო მაგიდასთან ვიჯექი. ამ თეატრში ყველას თავისი ადგილი ჰქონდა და ეს ჟესტი ძალიან დიდი ამბავი იყო. ქეთი დოლიძე თავის თილისმას მეძახდა და თითქმის ყველა მის ფილმში და სპექტაკლში ვთამაშობ. მრავალ გასტროლზე ვყოფილვართ ერთად, უამრავი სიხარული, ბევრი წყენა და ტკივილიც გვაკავშირებს, მაგრამ დროებითი გაუგებრობა, მარტო საქმესთან იყო დაკავშირებული და  პირად შუღლში არ გადაზრდილა. ის ენერგიულია, დაუღალავი — უამრავი სახალისო ისტორიები გადაგვხდენია თავს.

რეჟისორი თემურ ჩხეიძე: ქეთი, არაჩვეულებრივი ქალბატონია… ჯობდა მისი ასაკი არ გაგემხილათ. ჩვენ ენაზე, რომ ვთქვათ  მის გამოსახულებას და წლოვანებას ერთმანეთთან ვერ ვამონტაჟებ. 70 წლის გახდა და ამ ასაკში, რა უნდა ვუსურვო? ჯანმრთელობა და ფორმაში ყოფნა… დანარჩენი, ისევე როგორც ყველას ცხოვრებაში, ჩვენზეა დამოკიდებული და ის „რაღაც“, „ვიღაცამ“ ზევიდან უნდა მოგვცეს.

საღამოზე, სცენაზე გამოსულმა კულტურის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა წაიკითხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა: „…ქალბატონო ქეთი, მადლობას გიხდით გაწეული ღვაწლისთვის, იმ სიამოვნებისთვის, რასაც თქვენი შემოქმედება გვანიჭებს. მადლობთ, რომ დღეს აქტიურად ცდილობთ ქართული ხელოვნების, საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

ქალბატონ ქეთი დოლიძის საიუბლეო საღამო, პროექტის — „შეხვედრები თუმანიშვილის თეატრში“ ფარგლებში გაიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0