ნიკა კოჩაროვი: პირველად სცენაზე ლივერპულში გამოვედი

გამოწერა
წელს საქართველოს „ევროვიზიაზე“, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მამაკაცთა კოლექტივი – ალტერნატიული როკ–ჯგუფი ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz წარადგენს.

ჯგუფის ფრონტმენი ნიკა კოჩაროვი – მუსიკოს ვალერი კოჩაროვის ვაჟია. ვალერი საქართველოში როკ–მუსიკის ერთ–ერთი პიონერი და ჯგუფ „ბლიცის“ დამფუძნებელია, რომელიც საბჭოთა კავშირში  Beatles–ის ქავერებით იყო ცნობილი. მუსიკოსმა თავის შემოქმედებით გზაზე, ბენდზე Young Georgian Lolitaz, „ევროვიზიის“ მოლოდინებსა და პირად ცხოვრებაზე „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტს გულახდილად ესაუბრა.

– ნიკა, მზად ხარ „ევროვიზიის“ შემდეგ მოსალოდნელი „ბინძური“ კრიტიკისთვის? ხომ იცი, როგორც არ უნდა გამოხვიდეთ, ნეგატიური შეფასება, როგორც ცნობილია, უფრო მეტი იქნება.

– კარგი რა! ჩვენ, სინამდვილეში, როკ–ნ–როლის ჯგუფი ვართ. ასე რომ, შეჩვევა არ გვიწერია. და ჩვენი გამართლება – ეს როკ–ნ–როლია (ჩაიცინა)! 

– ესე იგი, შავი რეკლამაც რეკლამაა.

– რა თქმა უნდა! უფრო სწორად, მე არ ვუყურებ ყველაფერ ამას, როგორც – „ოღონდ პიარი იყოს“. უბრალოდ, მესმის, რომ ჩვენი მუსიკა ყველასთვის არ არის. ვნახოთ, დაველოდოთ.

– მაგრამ „ევროვიზიაზე“ კომპოზიტორებისთვის გამოცხადებული კონკურსისთვის, სიმღერას ხომ თავად წერ?

– კი.

– და რაზეა სიმღერა?

– ჯერ რაიმე კონკრეტული კომპოზიცია არა მაქვს. ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს – სადღაც ერთი თვე კონკურსის ბოლომდე, ასე რომ, სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან არ ვღელავ.

– საიდან დასახელება Young Georgian Lolitaz?

– ეს იყო პერიოდი, როცა ჯგუფის დასახელებას ყოველ კვირას ვცვლიდით. ერთხელ ჩემს მეგობრებთან ერთად რაღაც ფესტივალის კონცერტზე მივდიოდით და ვხუმრობდით. და მოვიფიქრეთ: ეს იყო ერთგვარი პაროდია ეროტიკულ ვებგვერდებზე – მაშინ იყო ასეთი საიტები Young Japanese Lolitaz–ი და ა. შ. და ჩვენს ჯგუფს Young Georgian Lolitaz–ი დავარქვით. და ფესტივალზე ხალხს ძალიან მოეწონა. და სახელის გამოცვლა უკვე აღარ გამოვიდა, ასე დარჩა.

 

– რატომაც არა, ცუდი არაა! ე.ი. წელს საქართველოს „ევროვიზიაზე“ წარადგენს ჯგუფი ეროტიკული ქვეტექსტით…

– ჰოოო… და ეს მაინც საბავშვოა… ისე, რომ მცოდნოდა, რომ ამდენი ხანი იქნებოდა ჩვენი ჯგუფი, ასე არ დავარქმევდი.

– მაგრამ Young Georgian Lolitaz–ში საკმაოდ დამაჯერებელი გამოცდილების მუსიკოსები შეკრიბე, ასე არაა? მოგვიყევი მათზე.

– კი! ჩვენი დრამერია დიმიტრი, დიმა ოგანესიანი – ჩემთვის ის საუკეთესო დრამერია ქალაქში. და მარტო იმის გამო, რომ ასეთი მორცხვია, არავინ იცნობს. ის ახალგაზრდებს დასარტყამზე დაკვრას ასწავლის, ისეთი მოკრძალებული ბიჭია. ის ჩემთან ერთად უკრავდა ჯგუფში Z for Zulu, ეს უფრო მძიმე პროექტი იყო. და როცა Young Georgian Lolitaz გავაკეთეთ, ჩვენი ძველი დრამერი – მოკლედ, ვარსკვლავია (იღიმის)…

– რა, ვარსკვლავმა გაანათა და წავიდა?

– არ წასულა, დრო არ ჰქონდა, არ გამოდიოდა. კიდევ გვყავს ლევანი, რომელიც ჩემთან ერთად უკრავს თავიდანვე. ხშირად ერთად ვწერთ სიმღერებს, არანჟირებას ვაკეთებთ. მასაც აქვს თავისი ჯგუფი – Kid Jesus ჰქვია. მას შემდეგ, რაც დროებით დავშორდით, მაშინ ეს ჯგუფი შექმნა, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული იყო, რაღაც ევორდებიც (ჯილდოები) მოიგო. გიტარისტი გიორგი – ჩემი მეგობარია, ისეთ პოპულარულ ჯგუფებში უკრავდა, როგორებიცაა String, Zurgi. ახლა ჰყავს ჯგუფი Marrows. იქ გიტარისტია და სიმღერებს წერს.

– რა ხდებოდა Young Georgian Lolitaz–ის თავს ამ დროის განმავლობაში? ახსენე, რომ დროებით დაიშალეთ.

_ 2000 წელს შევიკრიბეთ. მერე 2006–მდე ვუკრავდით. მე ინგლისში წავედი, ლევანი ჩამოვიდა ინგლისში. 2008 წლამდე, მგონი Young Georgian Lolitaz–ი არსებობდა. ანუ ისეთი რამე არ ყოფილა, რომ დავშლილიყავით.

– ინგლისში გამოდიოდით?

– კი, რა თქმა უნდა. ინგლისში ალბომი ჩავწერეთ, კონტრაქტი გვქონდა, ფესტივალებზე დავდიოდით სხვადასხვა ქვეყანაში.

კონტრაქტი ვისთან გქონდათ?

– 4Real Records – ასეთი ინდი–ლეიბლია. ჩვენ სულ ვუკრავდით ფესტივალებზე, კონცერტებზე. მაგრამ მერე ლევანი წავიდა და ჯგუფ Electric Appeal–ის შექმნა გადავწყვიტე.  მერე, 2011 თუ 2012 წელს თბილისში ჩამოვედი და მეგობრებთან ერთად, რომლებთანაც მთელი ცხოვრება დაკვრა მინდოდა – ესენი არიან გია იაშვილი და ნიკა დავითაშვილი, და დიმა, ჩვენი ამჟამინდელი დრამერი, ყველამ ჯგუფი Z for Zulu შევქმენით, რომელიც უფრო მძიმე იყო, ვიდრე Young Georgian Lolitaz–ი, ასეთი, ტესტოსტერონებით, კაცების ჯგუფი (იცინის). მერე კი არ დავიშალეთ, უბრალოდ, დროებით დაკვრა შევწყვიტეთ. მე დავჯექი და ჩემთვის სიმღერების წერა დავიწყე. როცა სადღაც ხუთი სიმღერა ჩავწერე, მივხვდი, რომ Z for Zulu–ში ეს სიმღერები არ წავიდოდა. ერთადერთი ჯგუფი, რომელიც მის შესრულებას შეძლებდა, Young Georgian Lolitaz–ი იყო. და ჩვენ კვლავ ამ ჯგუფს დავუბრუნდით.

– ლონდონის მერე საქართველოში მუშაობა როგორია?

– სინამდვილეში, აქ ბევრად უფრო ადვილია მუშაობა, ვიდრე ინგლისში. როცა საქართველოში ჩამოვედი და Z for Zulu–ს ჯგუფი შევქმენი, პირველი ალბომი მუსიკალურ წრეებში ძალზე ცნობილ პროდიუსერებთან – დმიტრი ტიკოვთან – ფრანგი, რომელიც ინგლისში მუშაობს, და დანტონ საპლთან ერთად ჩავწერეთ. მათთან ერთად ამ ალბომის ჩაწერა ლონდონში შეუძლებელი იყო. ანუ, აქედან ამ ყველაფრის გაკეთება უფრო ადვილია. თბილისში ასეთ ადამიანებთან ვმუშაობდი, ინგლისელებთან, რომლებთანაც ინგლისში მუშაობა არ გამოდიოდა. მაგალითად, აქ სტუდიის დაქირავება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ინგლისში, სადაც წარმოუდგენელი ფასებია, და სტუდიაც უფრო კარგია. 

© FB / Nali"Young Georgian Lolitaz"
Young Georgian Lolitaz - Sputnik საქართველო
"Young Georgian Lolitaz"

– თქვენ მუსიკას The Beatles–ის გავლენა აშკარად ეტყობა. მუსიკის გარდა, შენ ხშირად გამოდიხარ „ლენონის“ სათვალით, შენს ბასისტს თმის ვარცხნილობაც „ბითლზის“ სტილში აქვს… 

– რა თქმა უნდა, „ბითლზზე“ გავიზარდე. მე ორი მთავარი ჯგუფი მყავს, შეიძლება, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ესენია Beatles და Nirvana. და ყველა კიდევ, მათ შორის, რა თქმა უნდა. მაგრამ როცა მეუბნებიან, რომ, მაგალითად ეს სიმღერა Beatles–ს ჰგავს, ვერ ვიგებ, იმდენად ზის ეს ყველაფერი ჩემში, იმდენად გათავისებული მაქვს, უკვე ვეღარ აღვიქვამ.

– მე თუ მკითხავ, შენი სიმღერა Gay Swimmer ცოტა მაგონებს…

– რა, Beatles–ს ჰგავს?

– კი, რაღაც „ბითლზისეული“ არის მასში.

– აი, მე კი საერთოდ არ მესმის…

– მამამ ბავშვობაში არჩევანი საერთოდ დაგიტოვა – გამხდარიყავი სხვა ვინმე, გარდა მუსიკოსისა?

– მამაჩემი მთელი ცხოვრება მეუბნებოდა: „არ ისწავლო გიტარაზე დაკვრა!“ ვთხოვე, ერთი–ორი აკორდი მასწავლე–მეთქი, ის კი არ მასწავლიდა. ჯობია, ექიმი გამოხვიდეო, მეუბნებოდა. არ უნდოდა, მუსიკოსი გამოვსულიყავი. მაგრამ რეპეტიციებზე დავყავდი. და როცა ამას ყველაფერს ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ სხვა გზა არ იყო. კი, და კიდევ ერთი ასეთი საინტერესი ფაქტი: იმ დღეს დავიბადე, როცა „ბლიცს“ პირველი კონცერტი ჰქონდა. აუდიოჩანაწერიც მაქვს, სადაც კონცერტზე თქვეს, რომ ვალერი კოჩაროვს ვაჟი შეეძინა!

– ეს როდის იყო?

– 1980 წლის 22 ივნისს.

– როდის დაიწყე მუსიკის სწავლა?

– პირველი ჯგუფი 14–15 წლის ვიყავი, რომ დავაარსე და სადღაც 22–23 წლამდე არ ვამბობდი, რომ მუსიკოსი ვიყავი. მუსიკა ჩემთვის ჰობისმაგვარი იყო, თავს პროფესიონალ მუსიკოსად არ მივიჩნევდი. მაგრამ როდესაც 2003 წელს Young Georgian Lolitaz–ისთვის პირველი ალბომი ჩავწერე, მაშინ ადამიანებისგან ისეთი პოზიტიური რეაქცია წამოვიდა (რაც ჩემთვის ძალიან გასაოცარი იყო), რომ მივხვდი, ეს უკვე სერიოზული იყო.

– მამა ახლა რას საქმიანობს?

– ისევ მუსიკითაა გატაცებული, მაგრამ ისე აქტიურად აღარ, როგორც ადრე. ახლა, მაგალითად, თბილისობაზე ჯგუფი „ბლიცი“ გამოვიდა, მამაჩემმა დაუკრა, ზაზა სახამბერიძემ ბას–გიტარაზე  და მე – დასარტყამზე. კიდევ ერთ კონცერტს, ალბათ კლუბ Riffer–ში ჩავატარებთ.

 – „ბლიცი“ ნამდვილ „ბითლზს“ არასდროს შეხვედრია?

– არა. მაგრამ ისინი შვიდი წელი მუშაობდნენ ლივერპულში, როცა მათთან დავდიოდი. კვირაში ხუთ–ხუთი კონცერტი ჰქონდათ – ხან დიდ კლუბებში, ხან თეატრებში. ეს ყველაფერი ძალზე ადრეულ ასაკში გამოვიარე. მათთან ვცხოვრობდი ინგლისში, იქ ვსწავლობდი. ბევ დროს ვატარებდი მათ საგასტროლო ავტობუსში, მეძინა გასახდელებში. და ჩემი პირველი კონცერტი – კონცერტი არა, უფრო სწორად, მათ სცენაზე გამომიძახეს – პიველად სცენაზე გასვლა ლივერპულში მოხდა. და კონცერტის შემდეგ ვიღაცამ დარბაზიდან ჩემი პირველი გიტარა მაჩუქა, რომელზეც ვისწავლე დაკვრა და ჩემი პირველი სიმღერა დავწერე. ეს აკუსტიკური გიტარაა და მასზე დღემდე ვუკრავ.

– ნიკა, შენს ინტერვიუებს თუ გადახედავ სოციალურ ქსელებში, ხშირად ამბობ, რომ შეშლილი, ფსიქოპათი ხარ

– მე ვამბობ?

– კი. რომ საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს.

– როდის ვთქვი?

– მაგალითად, შოუში „მძიმე კაცთან“ თქვი, რომ შიზოფრენიკი ხარ.

– კარგი რა, ვიხუმრე!

– ხუმრობა იქით იყოს. აი, მე რა მაინტერესებს: წინ „ევროვიზიის“ უზარმაზარი სცენა გელოდება, დარბაზის მრავალათასიანი აუდიტორია, ეკრანზე მილიონობით ადამიანი გნახავს. ერთი სიტყვით, მთელი მსოფლიო დაიწყებს შენს ყურებას. რომ ადგე და გაიქცე? საერთოდ, მზად ხარ ამ ყველაფრისთვის?

– (იცინის). სად უნდა გავიქცე, კარგი რა!  იცი, ასე 15–20 წლის რომ ვიყო, შეიძლება ეს ჩემთვის რაღაც სტრესი ყოფილიყო. მაგრამ მთელი ცხოვრება მუსიკოსი ვარ და მთელი ცხოვრება სცენაზე ვდგავარ. ოცი წელია, სცენაზე ვარ, გესმის? ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს – დარბაზში ორი ადამიანია თუ ორასი ათასი. ძალიან დიდ კონცერტებზეც გამოვსულვარ, სოლო–კონცერტით არა, რა თქმა უნდა. და პრინციპში, ჩემთვის ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. თანაც, სცენაზე რომ გამოდიხარ, ისეთი განათებაა, დარბაზს ვერ ხედავ.

– და საკუთარი თავისთვის მღერი?

– და საკუთარი თავისთვის ვმღერი. და, რა თქმა უნდა, დარბაზის ენერგიას გრძნობ. არ ვიცი, შეიძლება „ევროვიზია“ რაღაც განსაკუთრებული იყოს…

– ეს იქნება რაღაც განსაკუთრებული!

– ბევრი დრო მაქვს მოსამზადებლად.

– მოემზადე! ჩვენ გიგულშემატკივრებთ!

– გმადლობთ!

– ნიკა, „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმოადგენ, ხოლო გვარი ქართული არ გაქვს. გვიამბე შენი წარმომავლობის შესახებ.

– ვიცი, რომ სომხური გვარია. მაგრამ სომხეთთან არანაირი კონტაქტები და იქ არანაირი ნათესავები არ მყავს. რამდენადაც ვიცი, ყველა ჩემი წინაპარი თბილისში დაიბადა.

– სომხურის გარდა, კიდევ ვისი სისხლი გირევია?

– ქართული. დედაჩემი ქართველია.

– გასაგებია. და ბუნებრივია, ცოტა ხანში ყველას დააინტერესებს შენი პირადი ცხოვრების ამბები. ოჯახი გყავს?

– არა.

– მაგრამ ბავშვები?

– ბავშვები მყავს.

– რამდენი?

– ორი. ორი ბიჭი – 3 და 7 წლის. კოსმო და დამიენი.

– საიდან ასეთი ლამაზი სახელები?

– კოსმო სიტყვა „კოსმოსიდან“. სანამ მათ დედას გავიცნობდი, სახელი კოსმო გავიგე და გადავწყვიტე, როცა ვაჟი გამოჩნდებოდა, აუცილებლად კოსმოს დავუძახებდი. აღმოჩნდა, რომ კოსმო და დამიენი – ასეთი წმინდანები ყოფილან. და როცა მეორე ბიჭი შემეძინა, მაშინ უკვე ჩემმა ცოლმა შემომთავაზა,  მისთვის დამიენი დაგვერქმია.

– გოგონა რომ დაბადებულიყო?

– პოლია მომწონდა, მაგრამ ჩემ გარდა – არავის. ძიძა მყავდა პოლინა, ამიტომ. 

– ნიკა, სად და როგორი წარმოგიდგენია შენი თავი, დავუშვათ, ათი წლის შემდეგ?

– ისევ ისეთი, ალბათ. არ ვიცი. პრინციპში, ათი წლის წინ ზუსტად ასე ვგრძნობდი თავს. ვუკრავდი, ვერ ვიტყვი, რომ იმავე მუსიკას, რასაც ახლა. მაინც მინდა მჯეროდეს, რომ ცოტა წინ მივიწევ, მაგრამ ისევ იმ გზაზე. ალბათ, ათი წლის შემდეგაც იგივე იქნება.

– არსად წასვლას არ აპირებ?

– არა! მხოლოდ სამუშაოდ, დავუკრავ და უკან გამოვფრინდები.

– ესე იგი, საქართველოში კომფორტულად გრძნობ თავს?

– კი, ძალიან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0