თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შაბათს გამართულ შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შემცირებისათვის გადადგმული ნაბიჯები განიხილეს, იუწყება სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული დაძაბულობის შესუსტებისა და პრობლემის დარეგულირების შესაძლებლობების საკითხებზე იმსჯელეს დღეს გამართულ შეხვედრაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრა ბერნში მთიანი ყარაბაღის პრობლემების დარეგულირების მოლაპარაკებათა ფარგლებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების იგორ პოპოვის (რუსეთი), ჯეიმს უორლიკისა (აშშ), პიერ ანდრისის (საფრანგეთი) და მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის ანჯეი კასპრჟიკის შუამავლობით გაიმართა.
პირველი პირების პირისპირ შეხვედრას ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მისნკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ანჯეი კასპრჟიკი ესწრებოდნენ.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა მოლაპარაკებების შედეგებზე სომხეთის მედიასთან ისაუბრა.
მისი განმარტებით, შეხვედრაზე მხარეები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით 2016 წელს მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმდნენ.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის სსრ-იდან გასვლის შესახებ განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში ყარაბაღმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნის შესახებ გამოაცხადა. შემდგომი სამხედრო კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი დაკარგა.
მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხებზე 1992 წლიდან მიმდინარეობს. აზერბაიჯანი თავისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას კატეგორიულად მოითხოვს, სომხეთი კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგანაც ყარაბაღი მოლაპარაკებებში მხარეს არ წარმოადგენს.