რუსუდან შაიშმელაშვილი
16 წლის ასაკში თბილისის ოპერის სცენაზე, მთავარ პარტიებს ასრულებდა და დღესდღეობით არანახულ წარმატებას მიაღწია საოპერო ხელოვნებაში. 21 წლისა "ლა სკალას" სცენაზე დადგა და კონცერტებით მსოფლიო მოიარა.,,მისი ხმა უმშვენიერესი ფერთა გამაა“,- ასე აფასებს მის სიმღერას,,The New York Times“. თანამედროვე მსოფლიოს წამყვანმა ქართველმა მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით, ოთხშაბათს, თბილისის საკონცერტო დარბაზში პირველი მასშტაბური კონცერტი გამართა. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. კონცერტის მსველობისას დარბაზისაგან საოცარი მუხტი მოდიოდა. ქალბატონ ნინოს შესრულებული ყველა არიის შემდეგ, დარბაზი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს და მაყურებლის ასეთი რეაქციის გამო კონცერტმა იმაზე მეტს ხანს გასტანა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ ევროპული თეატრის ქართველმა სოლისტები: გოჩა აბულაძე, მიხეილ ქირია და ოთარ ჯორჯიკია.
საღამოზე არა მხოლოდ არიები მოვისმინეთ, არამედ ნინოს რამდენიმე სცენიური სახეც ვიხილეთ. მან იმდენად დადებითი მუხტი გადმოგვცა თითოეულ ჩვენთაგანს, რომ დარბაზში ვინც ვიყავით, იქაურობას დიდი ხანი არ ვტოვებდით. ეს იყო ნამდვილი დღესასწაული! ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გავსაუბრებოდით ქართველ მეცო-სოპრანოს. ექსლუზიურად ჩვენი მკითხველისათვის გთავაზობთ ინტერვიუს ნინო მაჩაიძესთან.
-ქალბატონო ნინო, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ, რომ სწორედ ახლა, გენერალური რეპეტიციის დროს, ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. რას გრძნობთ ამ წუთას?
-იცით, რას ვგრძნობ? ვერ გადმოგცემთ, საოცარი განცდაა, როცა იცი, რომ, რამდენიმე წუთში ტაშს ქართველი მაყურებელი დაგიკრავს,- ეს ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ბედნიერება და დიდი სიხარულია, რომ ამდენი ხნის შემდეგ, მომეცა საშუალება ვუმღერო ჩემს ქალაქს, ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს და გული მწყდება რომ ხშირად ამის საშუალება არ მაქვს.
-ქალბატონო ნინო, როგორ იგეგმებოდა ეს პროექტი?
- ეს პროექტი, ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება იყო. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვერ გამოვნახეთ თუნდაც ერთი კვირა იმისთვის, რომ რეპეტიციები ჩაგვეტარებინა ეროვნულ ორკესტრთან ერთად. შეგვერჩიე ისეთი რთული პროგრამა, რომელიც სწორედ ამ საღამოსთვისაა. რამდენიმე თვის წინ ჩემს მეგობრებს, ნიკოლოზ რაჭველს და თეონა ჯორბანაძეს ვუთხარი: აბა, ბავშვებო, დეკემბერში დრო გამომიჩნდა და ჩამოვალ თბილისში- მეთქი. ასე ჩავუთქვით ეს კონცერტი. ყველაზე ძალიან ის მახარებს, რომ ქართველი მაყურებლისაგან ამ ხნის მანძილზე განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობდი.
-როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?
-რა ვიცი, რაც თავი მახსოვს სულ ვმღერი. ეს არ იყო ასე, რომ შენ გაიზრდები და ერთ დღესაც მომღერლობას მოინდომებ. ასეთი რამ არ მომხდარა. 3-4 წლის ასაკში სიმღერის ნიჭი აღმომაჩნდა, თან ტრადიციულად, მუსიკალური განათლება ბავშვობიდანვე მომცა ოჯახმა. საერთოდ ვთვლი, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 6-7 წლის ბავშვს საშუალება ეძლევა, იმეცადინოს ვოკალი და ხმა დახვეწოს. ამიტომაცაა, რომ ამდენი გამოჩენილი ქართველი ვარსკვლავი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან თეატრებში მღერის. მე ამით განსაკუთრებულად ვამაყობ და მიხარია მათ გვერდით დგომა. ახლახან ერთ-ერთმა ცნობილმა საზღვარგარეთულმა პრესამ ასე მიწოდა:,,დაბადებულია იმისთვის, რომ იმღეროს" და მე მართლა ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ დაბადებული ვარ იმიტომ, რომ ვიმღერო. ეს ისაა, რაც გულიდან მოდის, რაც მახარებს, ეს ისაა, რაც არასოდეს მღლის და ერთი წუთითაც არ მტოვებს.
-იქნებ ის პერიოდი გაიხსენოთ როდესაც საქართველო დატოვეთ და საზღვარგარეთ წახვედით…
-ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, როდესაც მე მილანში წავედი და 400 კაციან კონკურსში გავიმარჯვე, სადაც მაშინვე ამიყვანეს ლა სკალას აკადემიაში. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ სანამ ეს მოხდებოდა, თბილისის კონსერვატორიაში სწავლის დროს, მე ვიყავი სოლისტი ჩვენი თეატრის, სადაც ვმღეროდი მთლიან ოპერებს: "დონ- პასქუალე", "სიყვარულის ნექტარი" და ასე შემდეგ. და ზუსტად აქ შემამჩნია იტალიის ელჩმა, რომელმაც მირჩია, რომ წავსულიყავი მილანში და ლა სკალას აკადემიაში ჩამებარებინა. ანუ ეს ყველაფერი ჯაჭვივითაა, ასე ერთს ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ იყო ერთი, ორი, სამი და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ ფეხზე დადგე და თუნდაც მომღერალი გახდე, არ შეიძლება იყოს ერთი მომენტი, ეს არის ყოველთვის რაიმეს გაგრძელება და ერთ მომენტში შეიძლება გაგიმართლოს კიდევაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერე ყველაფერი ადვილად წავა. ყოველთვის უნდა ისწავლო, იმეცადინო, ყოველთვის უნდა 100% დაიხარჯო და კარგად გამოიჩინო თავი, იმისათვის, რომ ეს ჯაჭვი გაგრძელდეს და არ გაწყდეს.
-დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!
ნინო მაჩაიძემ პირველი საერთაშორისო წარმატება 2005 წელს მოიპოვა, როდესაც მან მილანის,,ლა სკალას" აკადემიაში 400 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა და ვოკალისტთა კურსზე ჩაირიცხა. 2007 წელს კი ქართველი სოპრანოს ბრწყინვალე დებიუტი შედგა "ლა სკალასა" და რომის საოპერო სცენებზე, სადაც მას მუსიკალურმა კრიტიკამ ,,ქართული სენსაცია" უწოდა.