ტაშკენტში „ქართული კინოს დღეები“ გაიხსნა

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქში სამ დღეს გასტანს, ქართველი რეჟისორების 12 ფილმს აჩვენებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია საქართველოს კინომოღვაწეებთან შემოქმედებითი შეხვედრები და მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას ორი ქვეყნის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ტაშკენტის კინოს რესპუბლიკურ სახლში პარასკევს ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის ფილმით „ქეთო და კოტე“ ფესტივალი „ქართული კინოს დღეები“ გაიხსნა, იუწყება „Sputnik უზბეკეთი“

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საელჩო უზბეკეთში და ეროვნული სააგენტო „უზბეკკინო“.

მაყურებელი ტაშკენტში სამი დღის განმავლობაში 12 სრულ და მოკლემეტრაჟიან ფილმს იხილავს, რომლებიც საბჭოთა და ქართული კინოს „ოქროს კოლექციაშია“ შესული.

„დიდი მანძილი, რაც ჩვენს ქვეყნებს აშორებს, არ უნდა გვიშლიდეს ხელს, გვესმოდეს და ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი კინოს საშულებით. ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის გამტკიცებაში მნიშვნელოვან როლს  სწორედ ასეთი კულტურული აქციები ასრულებს“, – განაცხადა ფესტივალის გახსნაზე უზბეკეთში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ჟღენტმა.  

„უზბეკკინოს“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ახმაჯონ უმაროვმა მაყურებელს ფესტივალის საპატიო სტუმრები – მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი ბაადურ წულაძე, თეატრისა და კინოს მსახიობები ზურაბ ყიფშიძე, გიორგი ნაკაშიძე და გუჯა ბურდული წარუდგინა.

„ქართული ფილმები უზბეკ მაყურებელში ძალზე პოპულარულია, ბევრი მათგანი კიდევ გადის ჩვენს ტელეეთერში. კინოფირი „პირველი მერცხალი“ ჯერ კიდევ 80–იანი წლებში დუბლირებული იყო უზბეკურ ენაზე და ამ დროის განმავლობაში ჩვენი მაყურებლისთვის ერთ–ერთ კინოჰიტად იქცა“, – განაცხადა უმაროვმა. 

ფესტივალზე დაგეგმილია საქართველოს კინომოღვაწეებთან შემოქმედებითი შეხვედრები და მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას ორი ქვეყნის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ.

 


ყველა ახალი ამბავი
0