თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისკენ ისწრაფვის, მაგრამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
შეგახსენებთ: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი მოსკოვი არ ყოფილა, თუმცა მზადაა, რომ აღადგინოს იგი. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს, პუტინის თქმით, უპირველესად თავად ქართველების, ოსებისა და აფხაზების საქმეა და მათთანაა მუშაობა საჭირო. პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიიღებს მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. ამ დროისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქრათველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში წასასვლელად ვიზები სჭირდებათ.
„ჩვენ ვცდილობთ ღრმა ჩიხიდან ამოვიყვანოთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები და ამის პატარა ნიშნები ნამდვილად არის.
ამასთან, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ქართული მხარე "სოლიდურად, მშვიდად, პრინციპულად ცდილობს მიაღწიოს რეალურ შედეგებს საგარეო პოლიტიკაში".
„დღეს რაც ხდება, დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ხედავენ. იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იქნება დადებითი გადაწყვეტილება. სოლიდურად, მშვიდად, პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ეს საგარეო კურსი და იმედი მაქვს, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად ხელშესახები შედეგები გვექნება… დიპლომატიური ურტიერთობების საკითხი ამ ეტაპზე არ დგას დღის წესრიგში და ჩვენმა კოლეგებმა იციან, რატომაც. ეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებთანაა დაკავშირებული“, — განაცხადა აბაშიძემ.
პრემიერის სპეცწარმომადგენელს მიაჩნია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ არის შესაძლებელი.