თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. კახეთში მდებარე სამი ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით, სამართალდამცავებმა თამაზ ჭ. დააკავეს, იუწყება შსს–ს პრესსამსახური პარასკევს, 18 დეკემბერს.
შსს–ს თანამშრომლებმა თამაზ ჭ. 16 დეკემბერს, ღამით, იმ მომენტში დააკავეს, როდესაც ის ყვარლის დედათა მონასტრის გაქურდვას ცდილობდა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ღამით, ლაგოდეხში მდებარე ყაზანის სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც 440 ლარი (184 აშშ დოლარი) და 20 აშშ დოლარი წაიღო. თამაზ ჭ-მ 9 დეკემბერს განმეორებით გაქურდა ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესია და მართლსაწინააღმდეგოდ 30 ლარს (დაახლოებით 15 აშშ დოლარი) დაეუფლა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დაკავებულმა იმავე ღამით გაქურდა ლაგოდეხში მდებარე სამების ეკლესია და 80 ლარი (დაახლოებით 84 აშშ დოლარი) მოიპარა.
ოთხი დღის შემდეგ, თამაზ ჭ. ყაზანის ეკლესიის გაქურდვას მესამედ შეეცადა, თუმცა, ეკლესიაში მას ფული უკვე არ დახვდა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, 15 დეკემბერს თამაზ ჭ.–მ გურჯაანში მდებარე სამების სახელობის ეკლესია გაქურდა და 150 ლარი (დაახლოებით 63 აშშ დოლარი) მოიპარა.
პოლიციამ დაკავებისას შესაწირის 2 ყუთი, მოპარული თანხის ნაწილი, ხელთათმანები და ხელსაწყო, რომელსაც ბრალდებული დანაშაული ჩადენისას იყენებდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
1994 წელს დაბადებულმა თამაზ ჭ.–მ ჩადენილი დანაშაული აღიარა.
მომხდარ ფაქტზე „ქურდობის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელიც ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 1–დან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.