თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ყოფილმა პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ მმართველი ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ვიზების გაუქმების მიმართულებით უმოქმედობაში დაადანაშაულა და მას ამ მიმართულებით აქტიური ქმედებისაკენ მოუწოდა.
ამ დროისათვის, რუსეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზები სჭირდებათ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
"საქართველოს ხელისუფლებას, იმის შიშით, რომ ვინმემ პრორუსულობა არ დასწამოს, არ ყოფნის გამბედაობა, რომ ამ განცხადებების იქით წავიდეს და სერიოზული მუშაობა დაიწყოს აღნიშნული თემების დასარეგულირებლად. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ყველა ვიზიტის შემდეგ დგება კონკრეტული პოზიტიური შედეგები პოლიტიკურ ფრონტზე და ხელისუფლება რომ ეფექტური იყოს, ამ კავშირის გამოყენება გაცილებით უკეთესად შეიძლებოდა. დღეს სულ სხვა რეალობა იქნებოდა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, მე რომ არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერის, არამედ ხელისუფლების ხელმძღვანელი პირის რანგში ჩავდიოდე რუსეთში, მაგრამ, ალბათ, ესეც მოხდება და გარწმუნებთ, რომ ასეთ შემთხვევაში ნამდვილად გარღვევა იქნება რუსულ-ქართულ ურთიერთობებში სწორედ საქართველოს სასიკეთოდ", — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში, რუსეთში თავისი მორიგი ვიზიტისას, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის არამარტო გამარტივებულიყო სავიზო მიმოსვლა, არამედ მართლაც დაწყებულიყო სერიოზული მოლაპარაკება ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით.
ბურჯანაძე თვლის, რომ „ნორმალური ხელისუფლება უკვე გამართავდა შეხვედრებს უმაღლეს დონეზე და განაცხადებდა, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია“.
2015 წელს ნინო ბურჯანაძე რამდენჯერმე ესტუმრა მოსკოვს და შეხვედრები გამართა წამყვან პოლიტიკოსებთან, მათ შორის სახელმწიფო დუმის სპიკერთან სერგეი ნარიშკინთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგორი კარასინთან.