თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზრების კომიტეტმა, მორიგი სხდომის შედეგების მიხედვით, 2006 წლის 29 ივნისის შემდეგ პირველად, საბაზო პროცენტული განაკვეთი რეკორდულად დაბალი – 0–0,25% დონიდან 0,25–0,5%–მდე გაზარდა, აღნიშნულია რეგულატორის პრეს–რელიზში.
ამგვარად, საბაზო პროცენტული განაკვეთის საშუალო სიდიდე წლიურ 0,375%–ს შეადგენს. განაკვეთი 17 დეკემბერიდან იზრდება.
აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ზომიერ დაჩქარებას აღნიშნავს. საოჯახო მეურნეობის ხარჯები კარგი ტემპებით იზრდებოდა. საცხოვრებელ სექტორში ვითარების გაუმჯობესება გრძელდება. ასევე ფედერალური სარეზერვო სისტემა შრომის ბაზარზე ვითარების გაუმჯობესების თაობაზე აცხადებს. ამასთან, ექსპორტის დინამიკა სუსტი რჩება. ქვეყანაში ინფლაცია კვლავინდებურად მიზნობრივ დონეზე 2%–ით ქვევით რჩება და ენერგომატარებლებსა და მთლიანად იმპორტზე ფასების კლებას ნაწილობრივ ასახავს.
„ინფლაცია საშუალოვადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, 2%–მდე გაიზრდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.