ნინო ქუთათელაძე
ჩვენ არაერთხელ შევეხეთ უკრაინულ კლასიკურ ლიტერატურას, ვისაუბრეთ მიკოლა ბაჟანის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ თარგმანზე, მის დამოკიდებულებაზე ქართული ლიტერატურისადმი, მაგრამ არაფერი გვითქვამს იმ დიდ ღვაწლზე, რომელიც ქართველმა მწერლებმა დასდეს დიდ უკრაინულ ლიტერატურას. დიდს-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ახლა სწორედ ერთ უმნიშვნელოვანეს თარგმანზე მინდა გესაუბროთ. ეს გახლავთ ივან კოტლიარევსკის „ენეადას“ თარგმანი, რომლის წარდგინებაც თავის დროს უკრაინის საელჩოში გაიმართა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ივან კოტლიარევსკის „ენეადას“ თარგმანი ახალი სიტყვაა ქართულ ლიტერატურაში ისევე, როგორც XVII საუკუნის უკრაინულ ლიტერატურაში გახლდათ. ამ პოემამ დასაბამი დაუდო თანამედროვე უკრაინულ ენას და ვერგილიუსის „ენეიდას“ სრულიად ახლებურ ხედვას.
შეამჩნიეთ ალბათ განსხვავება სათაურში: ვერგილიუსის პოემას „ენეიდა“ ჰქვია, ხოლო კოტლიარევსკისას — „ენეადა“. ასე რომ, სათაურიდანვე ჩანს, რას უნდა ველოდეთ პოემისაგან. მთარგმნელმაც, რა თქმა უნდა, სიზუსტე არჩია.
კოტლიარევსკის პოემა-შედევრი ბურლესკურ-ტრავესტული ნაწარმოებია. (ფართო მასებისთვის აქვე განვმარტავ: burlesque — პაროდია, კარიკატურა (ინგლ), travesty-ც ასევე პაროდია, დამახინჯება (ინგლ.) აქდან გამომდინარე, პოემა, პრაქტიკულად, ვერგილიუსის „ანეიდას“ პაროდიაა. მასში ტროელი, ლათინელი, ბერძენი და თუნდაც, ოლიმპოელი ღმერთების ნაცვლად ზაპორჟიელი კაზაკები არიან წარმოდგენილნი. გარეგნულადაც სწორედ კაზაკებს მოგვაგონებენ: განიერი შარვლები, შემოსალტული წელი, ნაქარგი პერანგები, მოზრდილი, გადაგრეხილი ულვაშები და რა თქმა უნდა, ჩუპრინა. თვით ზევსსაც კი ჩუპრინა ამშვენებს — ღირსების ეს ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი. ნაწარმოების გმირები ხასიათითაც და წეს-ჩვეულებითაც კაზაკები არიან: უყვართ მამა-პაპური ქეიფი, ბლომად ლუდსა და ორნახად არაყსაც მიირთმევენ… კაზაკები თავგანწირული, კეთილი და სამართლიანი ადამიანები არიან, ღირსებას არავის შეალახვინებენ, იბრძვიან თავგამოდებით, ერთმანეთს ბრძოლის ველზე არ ტოვებენ, ძმურად იყოფენ ჭირსა და ლხინს. მოკლედ, ყველაფერი იმით, რაც ჩამოვთვალე, ძალიან გვანან ქართველებს. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი იმისა, რომ ამირან ასანიძემ ამ ვეებერთელა პოემის თარგმანს მოჰკიდა ხელი.
ამირან ასანიძე კოტლიარევსკის 20 წლის განმავლბაში თარგმნიდა და სამწუხაროდ, მის წიგნად დასტამბვას ვერ მოესწრო. ეს გახლდათ რუტინული შრომა. ყოველ ფრაზას რამდენჯერმე უბრუნდებოდა, უკრაინულის უფრო ზუსტ შესატყვისებს ეძებდა, რუსულ თარგმანს ადარებდა და უსაზღვოდ უხაროდა, როცა მისი თარგმანი უფრო იდენტური იყო. მინდა გითხრათ, რომ შეძლებისდაგვარად ორიგინალში გავეცანი კოტლიარევსკის პოემას და თამამად შემიძლია განვაცხადო, თარგმანის სიზუსტე თითქმის ფანტასტურია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველი მთარგმნელი საკუთარი პოეზიის ძარცვის ხარჯზე ქმნის მსგავს თარგმანებს. და როგორც ბატონი რევაზ ხვედელიძე წიგნის წინასიტყვაობაში აღნიშნავს, ამირან ასანიძემ „ქართულ ენაზე შექმნა ორიგინალის კონგენიალური შესატყვისი“.
ბევრი რამის თქმა შეიძლება ასანიძისეულ რითმათა განსაკუთრებულობაზე, რადგან ამხელა პოემაში არცერთი რითმა არ მეორდება. ერთი-ორჯერ იყო ასეთი შემთხვევაც, რომ რითმები დაემთხვა, მაგრამ ის დაუბრუნდა მათ და დიდი ხნის ნათარგმნი შეცვალა. ეს ამირანისთვის პრინციპული რამ გახლდათ.
კიდევ ერთი მონაკვეთი მინდა მოვიყვანო უკრაინული ლიტერატურის საუკეთესი მცოდნის, პროფესორ რევაზ ხვედელიძის წეილიდან: „ენეადას“ თარგმანის სირთულეს სწორედ ბურლესკურ-ტრავესტული თხრობა და ავტორის უმდიდრესი პოეტური ენა ქმნის. პოემაში ხშირად გაისმის გინება, ქუჩური გამოთქმები, ჟარგონი, უწმაწური სიტყვები, რაც საერთოდ ნიშანდობლივია ამ სტილისთვის. ყოველივე ეს თარგმნისას დიდი ზომიერების დაცვას მოითხოვს. მთარგმნელმა კარგად გაართვა თავი ამ სირთულეს…“ ამის დასტურად შემოგთავაზებთ ერთ მონაკვეთს თარგმანიდან, რომელიც ანქიზესთან, მამასთან, ენეასის მოგზაურობას ეხება და ჯოჯოხეთია აღწერილი:
„იმ ცრუპენტელებს აიძულებდნენ
ენით ელოკათ ტაფები ცხელი,
ადნობდნენ ვერცხლს და მდიდრებს, კრიჟანგებს
პირში ასხამდნენ ნაცადი ხელით;
უცოლოები — მიწყივ დრანჯები,
თავს რომ იქცევდნენ კახპა-ხარჭებით,
სარზე ეკიდნენ იმ ნაწილებით,
რითაც იცხრობდნენ ვნების სტიქიონს,
რომლითაც ურცხვად სცოდავდნენ ხოლმე,
თანაც ეკიდათ ზედ საიქიო.“
ბევრი რამის თქმა შეიძლება აღნიშნულ თარგმანზე, განსაკუთრებით ე. წ. „მაკარონულ“ და „ქაჯურ“ ენებზე, რაც თავის მხრივ, განმარტებებს მოითხოვს და სათარგმნად თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ამირან ასანიძემ დასძლია ეს „თითქმის“.
დასასრულს გეტყვით მხოლოდ, რომ წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბმა “უკრაინამ“ გამოსცა.