აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრეს–კონფერენციაზე სირიაში დაიშთან ბრძოლაში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და მოქმედებების კოორდინაციის მომდევნო ნაბიჯები შეათანხმეს.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთში ვიზიტისას სირიის კონფლიქტზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, ასევე მოლაპარაკებები აწარმოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
ვაშინგტონი, როგორც ჯონ კერიმ აღნიშნა, მზადაა მოსკოვთან სამუშაოდ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
"მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ პუტინს, რომ აშშ მზადაა რუსეთთან თანამშრომლობისათვის დაიშზე შეტევის განხორციელებისათვის. თუ, რა თქმა უნდა, მოსკოვი დათანხმდება რეალურ საფრთხეზე იერიშის მიტანას, რასაც დაიში წარმოადგენს", – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან კერიმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ და პარტნიორები ამ დროისათვის ცდილობენ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის შეცვლას. უკრაინის თემაც არ გამოტოვებულა, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ–ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები და მინსკის შეთანხმებების შესრულებაც. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ აშშ რუსეთის იზოლაციის პოლიტიკას არ ატარებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა აუცილებლად მიიჩნიეს სირიის შესახებ ვენის შეთანხმებები გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის სახით.
ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნიუ–იორკში შეხვედრაზე რუსეთი ელის ერ–რიადის ინიციატივით ტერორიზმთან ბრძოლისათვის განკუთვნილი ახალი კოალიციის შექმნისა და პარიზში "სირიის მეგობრების" შეხვედრის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას. სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის კოალიციებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ სასურველია კოლექტიური ფორმატი, რაც ყველა მოთამაშის ჩართულობას მოიაზრებს და ამ ყველაფერს გაერო ნებას დართავს.