თანამედროვე ჯალათები ანუ უსისხლო დანაშაული

© http://artarea.tv/inside/795/rotsa-tvini-ar-berdebaთემურ ჩხეიძის სპექტაკლი „გრონჰოლმის მეთოდი“
თემურ ჩხეიძის სპექტაკლი „გრონჰოლმის მეთოდი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპექტაკლში თანაგრძნობის ნიღაბით შეიარაღებული სამი ნაძირალა ებრძვის ერთ „კარგ კაცს“ — ფერნანდოს, რომელიც მაღალი თანამდებობის დაკავების მიზნით საკონკურსო „გასაუბრებაზე“ თამაშობს აგრესიულ, ნიჰილისტ და ნაძირალა ადამიანს.

თემურ ჩხეიძის სპექტაკლი „გრონჰოლმის მეთოდი“, რომელიც რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილის თეატრში ორი წლის წინ დადგა, დღესაც აქტუალურია.

ვინ არ ოცნებობს მაღალ თანამდებობაზე, მითუმეტეს თუ ეს მსოფლიოში უდიდესი კომპანიის კომერციული დირექტორობაა, სადაც ყოვლისშემძლე, სანუკვარი ფულის სუნი ასე საამურად ტრიალებს. კაცობრიობის არსებობის მანძილზე, მსოფლიოს მრავალჯერადი, ეტაპობრივი გადანაწილების პროცესში ადამიანთა ბრძოლის იარაღი მშვილდ-ისარებითა და  მახვილებით დაიწყო და XX საუკუნეში ატომური იარაღით დამთავრდა. დღეს, ტერიტორიების გადანაწილების ხანგრძლივი პროცესით დაღლილი დედამიწა, „მცირე“ საომარი კერების აღმოფხვრას ცდილობს. ბრძოლის იარაღი იმდენად საშიში გახდა, რომ თუ შეეცდები და რომელიმეს მაინც გამოიყენებ, „გრონჰოლმის მეთოდში“ ნახსენები „ბუმერანგის პრინციპი“ ამუშავდება: „აგრესიულობა ხანდახან აგრესორს შემოუბრუნდება ხოლმე…“

თანამედროვე კატალონიელი ავტორის, ჟორდი გალსერანის მახვილგონივრულმა ხედვამ ჩათვალა, რომ ადამიანთა ორთაბრძოლების არენა გახდა მოხელეთა, ადვოკატთა, ფინანსისტთა საბუდარი — ნებისმიერი მცირე და დიდი ოფისი, რომელიც მათი ბრძოლის ძირითად ასპარეზად გადაიქცა. ეს არის სწრაფი ლიფტებით აღჭურვილი, ლაბირინთივით დახლართული დერეფნების გრძელი გზა, სადაც გადიან მინოტავრის ტრაპეზისათვის გამზადებული მსხვერპლნი. და თუ ძველბერძნული მითის თანახმად ურჩხულის საკვები ახალგაზრდა ჭაბუკები და პირმშვენიერი ქალიშვილები არიან, დღეს, თანამედროვე ხელისუფალთა საკვები ყველა ასაკის ადამიანების სულიერი გადაგვარების პროცესია. ეს უჩინარი მინოტავრი, დიდი, თანამედროვე განათების სახით აბაჟურივით ჭერზე დაკიდებული, ყოვლისშემძლე ღმერთივით თავს დაჰყურებს საოფისე მაგიდას, სადაც „კულტურული შეხვედრების“ ეტიკეტის დაცვით: 4 მინერალური წყლის ბოთლი და 4 ჭიქა დგას, ხოლო 4 ნაცრისფერი გორგოლაჭებიანი სკამი მეტოქეებს ელოდება.

აქ კოტე მარჯანიშვილის თეატრის 4 მსახიობი ორთაბრძოლას გააჩაღებს და რეჟისორ თემურ ჩხეიძის ანალიტიკურ აზროვნებასთან დამეგობრებული, თანამედროვეობაში ფართოდ გავრცელებულ სადისტურ თამაშებში ჩაებმება. ამ თამაშებში მაყურებელიც ერთვება და თითოეული პერსონაჟის სოციალურ დრამაში ასახულ დღევანდელი დღის კოშმარებს საზარელი, მაგრამ ნატიფი, მსუბუქი იუმორითა და ირონიით ასახულ რეალობას დაგვანახებს.

© http://artarea.tv/inside/795/rotsa-tvini-ar-berdebaთემურ ჩხეიძის სპექტაკლი „გრონჰოლმის მეთოდი“
თემურ ჩხეიძის სპექტაკლი „გრონჰოლმის მეთოდი“ - Sputnik საქართველო
თემურ ჩხეიძის სპექტაკლი „გრონჰოლმის მეთოდი“

სპექტაკლში თანაგრძნობის ნიღაბით შეიარაღებული სამი ნაძირალა ებრძვის ერთ „კარგ  კაცს“ — ფერნანდოს, რომელიც მაღალი თანამდებობის დაკავების მიზნით საკონკურსო „გასაუბრებაზე“ თამაშობს აგრესიულ, ნიჰილისტ და ნაძირალა ადამიანს. უდიდესი კომპანიის „რჩეული“ პირები — ე. წ. ფსიქოლოგები: ორი მამაკაცი და ერთი ქალი — გამოგონილ გვარსა და სახელს შეფარებული, კონკურენტების სახით წარსდგებიან ერთი პიროვნების — ფერნანდო პორტას წინაშე. სპექტაკლის პირველ ნახევარში, ეს 4 გმირი მაყურებელს მართლაც ერთმანეთის მეტოქეები ჰგონია, სპექტაკლის მეორე ნახევრიდან ირკვევა, რომ კონკურსანტი ერთია — ფერნანდო, ხოლო დანარჩენი სამი „გრონჰოლმის მეთოდით“ ანუ სხვადასხვა ემოციურ გამღიზიანებლებზე რეაქციის შეფასებათა ექსპერტები არიან. ასე იწყება ფსიქოლოგიური თამაშები, რომელსაც „ზევიდან“ აკვირდებიან. 

რეჟისორი თემურ ჩხეიძე კარგად გრძნობს თანამედროვე საქართველოს „სამსახურეობრივი“ ყოფის ნიშან-თვისებებს. ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა დაწესებულებების ხელმძღვანელები და მისი გარემოცვა ხშირად ასრულებენ „ურჩხულის“ როლს, მათ ხელში ჩავარდნილი ნებისმიერი თანამშრომელი — პლანტაციაში მომუშავე დისკრიმინირებული შავკანიანი მონის მსგავსად, აუტანელ შრომით პირობებში ცხოვრობს. ამიტომ უყურებს და სულგანაბული უსმენს მსახიობთა პაექრობას ქართველი მაყურებელი და გრძნობს, რომ რეჟისორი, როგორც მოაზროვნე და ხალხის გულშემატკივარი მათ გვერდით დგას და ცდილობს შეუმსუბუქოს არსებობისათვის ხელჩართულ ბრძოლაში შებმული მოქალაქეების მონური შრომის მძიმე ხვედრი.

სპექტაკლის მთავარი მამოძრავებელი ინტრიგა, ვაკანტურ თანამდებობის დაკავების კონკურსის პრინციპზეა აგებული, რომელიც ფარსს ემსგავსება. აქ მნიშვნელობა არ აქვს კონკურსანტების პროფესიონალიზმსა თუ შესაძლებლობებს, აქ უპირატესობა ენიჭება იმას თუ ვინ იქნება უფრო სასტიკი და ვინ ვის და როგორი წარმატებით დაუდებს ფსიქოლოგიურ კვანტს და ვინ უფრო მეტ ფანტაზიას გამოიჩენს, სიტყვა — ნაძირალას გასამართლებლად და უკვდავსაყოფად. სპექტაკლის ფინალში გაისმის ფრაზა, რომელსაც მკაცრი „რკინის ლედი“ — მერსედესი პირში მიახლის ფერნანდოს: „ჩვენ არ გვჭირდება კარგი კაცი, რომელიც თავს ნაძირალად ასაღებს; ჩვენ ვეძებთ ნაძირალას, რომელიც კარგ კაცს ძალიან ჰგავს.“ 

სპექტაკლის ფინალში აღმოჩნდება, რომ ალეკო მახარობლიშვილის, აპოლონ კუბლაშვილის და ეკა ჩხეიძის შესრულებული გმირები, სწორედ რომ დემონის დამანგრეველი ძალით შეიარაღებული თანამედროვე ფსიქოლოგები არიან, რომლებმაც სწორედ იმიტომ შეისწავლეს ეს საგანი, რომ როგორც იარაღი ადამიანების საწინაღმდეგოდ გამოეყენებინათ. ისინი ამოწმებენ ადამიანში ჰუმანიზმის დოზას და თუ აღმოაჩენენ, მის ლიკვიდაციას ახდენენ, სწორედ რომ იმ ფსიქოლოგიური ტესტებით, რომლებიც ასეთი სცენური ოსტატობით შექმნა ჟორდი გალსერანმა და ასეთი უზადო, დახვეწილი ურთიერთობებით ააგო რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ, რომელიც სვამს პრობლემას ე. წ. უბოროტო ბოროტმოქმედების, უსისხლო დანაშაულის შესახებ, რომლის მსხვერპლნი კი არ კვდებიან, არამედ იზოლაციაში ექცევიან. ეს ახალი, XX საუკუნეში ჩამოყალიბებული „საოფისე ბოროტმოქმედების“ სახეა, რომელსაც შეიძლება ფსიქოლოგიური შეტევით გამოწვეული დანაშაულიც ვუწოდოთ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0