თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. გიორგი ნიჟარაძემ და ირაკლი აბუსერიძემ განაცხადეს, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურებს ხსნიან. ახალი პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო.
„გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა ნიჟარაძემ რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე.
ანალოგიური განცხადება გააკეთა ირაკლი აბუსერიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ მოგვიანებით განაცხადებს.
გიორგი ნიჟარაძე საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტია. ის ორგანიზაციას რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიოს თასის ორი გათამაშების (2007 და 2011) მონაწილეა. პროფესიონალი მოთამაშის კარიერა მან 2013 წელს დაასრულა.