თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ჰოლოგრამის საშუალებით, პოპულარული ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი ირაკლი ჩარკვიანი 15 დეკემბერს „გაცოცხლდება“, იუწყებიან ორგანიზატორები.
კონცერტი „ისტორიას დარჩება“ ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნას ეძღვნება, მომღერალი 2006 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა.
„სპეციალურად კონცერტისთვის, პირველად ქართულ რეალობაში, დამზადდა ირაკლი ჩარკვიანის ვირტუალური გამოსახულება (ჰოლოგრამა), რომლის მეშვეობითაც მოხდება ერთ-ერთი ჰიტის თავად ირაკლის მიერ შესრულება“, – ნათქვამია ხელოვნების განვითარების ფონდ „ვტოგრაფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები, ასევე ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე – ქეთათო და მამა – გელა ჩარკვიანი.
კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით იმართება.
ირაკლი ჩარკვიანი – ალტერნატიული მუსიკის პოპულარული ქართველი შემსრულებელი, კომპოზიტორი, პოეტი და პროზაიკოსია. მისი ტალანტის თაყვანისმცემლები მას დღემდე „მეფედ“ მოიხსენიებენ.
მუსიკალური მოღვაწეობა ჩარკვიანმა 1976 წელს დაიწყო. 1993 წელს გერმანიაში მისი სოლო–დისკი "Svan Songs" გამოვიდა, რომელიც 1990–იანი წლებში ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
„მეფე“ – რამდენიმე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორია.