მაღალმთიან გუდაურში პირველი მოთხილამურეები გამოჩნდნენ

გამოწერა

ზამთრის ტურისტული სეზონი გაიხსნა საქართველოში პოპულარულ სათხილამურო კურორტ გუდაურში.

ტრასებზე ჯერ–ჯერობით ხელოვნური თოვლის საფარია გაკეთებული. თოვას აქ 20 დეკემბრის შემდეგ ელიან, ამას უკავშირებენ ტურისტების რაოდენობის გაზრდის მოლოდინსაც.

სათხილამურო სეზონი გუდაურში მარტის ბოლომდე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ზამთრის დასვენებისათვის პირობები სვანეთსა და ბაკურიანშიცაა შექმნილი, გუდაური განაგრძობს პოპულარობით სარგებლობას. ისინი, ვისაც თხილამურებით სრიალი უყვარს, ზამთარს ელიან, რათა ამ ადგილზე დაისვენონ.

სოფელი გუდაური მთაშია განთავსებული, ზღვის დონიდან დაახლოებით 2200 მეტრზე. ყოველ წელს მას ათასობით ტურისტი და ზამთრის სპორტის მოყვარული სტუმრობს.

გუდაურიდან თბილისამდე დაახლოებით 120 კილომეტრია, მანქანით 2 საათის გზა. თოვლის საფარის საშუალო სისქე ზამთარში 1,5 მეტრს აღწევს. საბაგიროს ქვედა სადგური 1990 მეტრის სიმაღლეზეა, ხოლო ზედა – 3300 მეტრის სიმაღლეზე.

ყველა ახალი ამბავი
0