თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 2015 წლის ბოლოსთვის შესაძლოა 1 მილიარდ 400 მილიონი აშშ დოლარი შეადგინოს, განაცხადა თსუ–ს პროფსორმა ემზარ ჯგერენაიამ მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტალის მონაცემებზე დაყრდნობით.
2015 წლის პირველ სამ კვარტალში ინვესტიციების წინასწარმა ჯამურმა მონაცემებმა 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
„წლის ბოლოსთვის ეს ციფრი ალბათ 1 მილიარდ 400 მლნ დოლარი იქნება. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის ჩვენთვის სასურველი ინვესტიციის მოცულობა, რადგან უნდა აგვენაზღაურებინა რაც ტრანსფერებში და ექსპორტში დავკარგეთ და ინვესტიციური ბალანსი გვეპოვა. მაგრამ ლარის გაცვლითი კურსიდან გამომდინარე ეს მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაცემია,“–აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ Sputnik-Georgia-სთან საუბარში.
მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2015 წლის პირველი 9 თვის მონაცემები ცუდ მაჩვენებლად ვერც რეგიონში არსებული სიტუაციის ფონზე ჩაითვლება.
„ეს პერიოდი მეტად გამორჩეული იყო ასევე ინვესტიციების გადინებითაც და მიუხედავად ამისა საბოლოო წმინდა ინვესტიციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა“– მიაჩნია ემზარ ჯგერენაიას.
„საბოლოო ჯამში ეს არის იმის ხაზგასმა, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში არსებული პრობლემების მიუხედავად საქართველო მაინც რჩება პრიორიტეტულ საინვესტიციო ქვეყანად“–მიჩნია ემზარ ჯგერენაიას.
წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის მესამე კვარტალში 489 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38% –ით აღემატება 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს, ამავე დროს, ინვესტიციების მოცულობა 2015 წლის ივლისი–სექტემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, 33%–ით შემცირდა. 2014 წლის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მლრდ 758 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 87%–ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე (942 მლნ დოლარი).
ემზარ ჯგერენაიას აზრით, 2014 წლის მაჩვენებელზე გავლენა ოლიმპიურ ფესტივალ „თბილისი –2015 –ის“ ჩასატარებლად განხორციელებულმა ჩინურმა ინვესტიციებმაც იქონია, რომლებიც ქვეყანაში ოლიმპიური სოფლის მოსაწყობად შემოიტანეს.