მერაბ ხაჩიძე
ტიპურ ძველთბილისურ ხელისგულისოდენა ეზოში, რატომღაც იტალიურს რომ ეძახიან, ცხრა, თუ ათი ოჯახი ვცხოვრობდით. ერთი ონკანითა და ერთი „საზოგადოებრივი“ ტუალეტით სარგებლობის წესებს ყველა ისე „იცავდა“, რომ დღემდე მიკვირს: როგორ ახერხებდა ეს ხალხი იმას, რომ არც იქ და არც იქ, რიგი არასოდეს დამდგარა. მერე კი, როცა ცალკე ბინა მივიღეთ, დილაობით ერთი წიოკი და ალიაქოთი იდგა ჩვენს სახლში — ყველას სადღაც გვეჩქარებოდა და აბაზანის კარზე კაკუნს ბოლო არ უჩანდა.
ეშმაკი ვის არ შეუჩნდება და ერთხელაც, ამ ჩვენი ეზოს უკიდურესად მოწესრიგებულ საზოგადოებას მეტად უცნაური და უჩვეულო დილა გაუთენდა. როდესაც ეზოში გამოსულმა ბატონმა მელიტონმა (სახელები შეცვლილია და პირობითი) ტუალეტის კარისკენ წაიღო ხელი, შიგნიდან ასეთი მომენტისთვის საყოველთაოდ გავრცელებული საერთაშორისო „პაროლი“ — ჩახველება მოესმა. ცივად მოტრიალდა და სახლში შევიდა, ცოტა არ იყოს იმით გაოცებული, რომ აშკარად მისი რიგი იყო და არა სხვისი. როდემდე მოითმენდა. თანაც საქმე მოსწრებაზე იყო. ერთხელ დარღვეული რიგი ერთმანეთზე მიწყობილი დომინოს ქვებივით წაყვებოდა პირველ წაქცეულს. ამას გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვებოდა. მეორე ცდაზე წასულ მელიტონს ისევ ჩახველებით უპასუხეს. ამასობაში მეზობლები უსიტყვოდ დადგენილი რიგის მიხედვით გამოვიდნენ სახლიდან, მაგრამ რა — ხველება ხვდებოდათ პასუხად.
ტუალეტთან რიგი დადგა. ეს უკვე კატასტროფას უდრიდა. სკოლაში წასასვლელი ბავშვები რიგს გამოეყვნენ და სირბილით დაეშვნენ კიევის ქუჩაზე, რომ იქნებ მოესწროთ და გაკვეთილის დაწყებამდე „სხვაგან“ შეევლოთ. ცოტა უფრო რთულად სკოლამდელი ასაკის ოთხი ბავშვის მდგომარეობა გამოიყურებოდა. ცხადია, ისინი ბაგა-ბაღებში იმ უფროსების გარეშე ვერ წავიდოდნენ, ვინც ახლა ყოვლად უიმედო რიგში იდგა და დაახლოებით ხვდებოდა, ის დილა რითიც დამთავრდებოდა. ასე რომ უფროს-უმცროსიანად, ყველას სამარცხვინო პერსპექტივა უჩანდა.
ასე დაუსრულებლად ვეღარ გაგრძელდებოდა. ტუალეტში ჩაკეტილი ვიღაც თავხედი ჩახველებას აღარ სჯერდებოდა და გარედან უკვე ხმამაღალ უკმაყოფილებას ახლა ღიღინითაც პასუხობდა. მოთმინებიდან გამოსული (უკვე სულერთი იყო) ბესიკა დვალი სახელურს ეცა და კარი გამოგლიჯა…
…ტუალეტში არავინ იყო. ბესიკამ ჯერ ორმოში ჩაიხედა, მერე კედლებს მოავლო თვალი და ისეთი დაიღმუვლა, რომ რიგში პირველ ნომრად მდგარ მელიტონს ყველა ბუნებრივმა მოთხოვნილებამ ერბაშად გადაუარა.
საქმე ის გახლდათ, რომ ბესიკას ბიჭი ყელის ტკივილის გამო, რამდენიმე დღე სკოლაში არ გაუშვეს. შინ ჯდომის გამო მოწყენილმა „გენიოსმა“ ადრე დილით, შუშაბანდიდან ეზოში ტელეფონის სადენი ჩაუშვა. ცალი მხარე ტელეფონის ყურმილს მიუერთა, მეორე კი ტუალეტის კედელზე წინასწარ ჩამოკიდებულ ძველი რადიოდან ამოღებულ მაგნიტოლას. დანარჩენი ძნელი მისახვედრი აღარ არის. მისი პირველი, ტელეფონის ყურმილში ჩახველების „მსხვერპლი“ ბატონი მელიტონი იყო — მერე დანარჩენები და მათ შორის მამამისი, რომელსაც იმ დღეს რომ დასწეოდა და დაეჭირა — შვილის მკვლელობისთვის პატიმრობა არ ასცდებოდა. სხვა საქმეა, რამდენად გაითვალისწინებდა სასამართლო ტუალეტის რიგში ბესიკას იძულებით დგომის შემამსუბუქებელ გარემოებას. იმ წელს ეს ამბავი მთელს უბანში ნომერ პირველ ხუმრობად დარჩებოდა, რომ არა ერთი არანაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტი.
ბესიკას „ვუნდერკინდს“ საშემოდგომო გამოჰყვა… მაინცდამაინც ფიზიკაში და გაცოფებული მამამისი ამჯერად, შვილთან ერთად მის ფიზიკის მასწავლებელსაც დასდევდა მოსაკლავად.