ქართული ფოლკ–ჯგუფი „ბანი“ ყაზანში კონცერტს გამართავს

© FB/ Bani.Official"ბანი"
ბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოლკ–ჯგუფი რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს, ესენია: „სვანური“, „ხევსურული ბალადა“, „რაჭული“ და მრავალი სხვა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. პოპულარული ქართული ფოლკ–ჯგუფი „ბანი“ 19 დეკემბერს, ყაზანში, „უნიკსის“ საკონცერტო დარბაზში  მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით წარდგება. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფის "ფეისბუქის" გვერდზეა განთავსებული.

ქართველი მომღერლები წარადგენენ პროგრამას „შენ გიმღერი, ჩემო საქართველოვ“, სადაც თავისი რეპერტუარის საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს, ესენია: „სვანური“, „ხევსურული ბალადა“, „რაჭული“ და მრავალი სხვა.

 „ბანის“ კონცერტი თათრეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ქალაქ ყაზანის ქართველთა ეროვნულ–კულტურული ავტონომია „სიონის“ მხარდაჭერით ჩატარდება.

ჯგუფი „ბანი“ 2011 წლის 2 იანვარს დაარსდა. კოლექტივი, პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაში „დაიბადა“ – პირველ ნახევარ წელს მუსიკოსები ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელებში მღეროდნენ, შემდეგ ეს სიმღერები ქართული რესტორნების სცენაზე „გადაჰქონდათ“. მაშინ დაიბადა მათი პირველი ჰიტიც – „რაჭული“, რომელმაც „ბანს“ მთელს საქართველოში დიდი პოპულარობა მოუტანა.

დღეს ჯგუფის შემადგენლობაში არიან: მათე ფირცხალავა – სოლისტი და პირველი ხმა, ვოკალისტები – რაულ ბიწაძე (მეორე ხმა), გოგა ნიკოლაძე (ბანი, მეორე ხმა), ასევე გელა გოგიშვილი (დასარტყამი საკრავები, მეორე ხმა), ბესო კვიციანი (კლავიშიანი საკრავები, ბანი), ბესო მეტრეველი (გარმონი), გია ფეიქრიშვილი (გიტარა), ბექა მიქაძე (დრამი, ბანი).

ამჟამად ჯგუფის რეპერტუარში 30–ზე მეტი ჰიტია. „ბანის“ მუსიკა არა მხოლოდ ქართველებისთვისაა პოპულარული. ქართველი მომღერლების სიმღერებმა ნამდვილ გრძნობებზე, მტკიცე მეგობრობასა და სამშობლოს სიყვარულზე, მთელს მსოფლიოში ათასობით თაყვანისმცემელი მოხიბლა.


ყველა ახალი ამბავი
0