თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სცენაზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, პოპულარულ საოპერო არიებს შეასრულებს, იუწყებიან ორგანიზატორები.
კონცერტზე, რომელიც 2015 წლის 16 დეკემბერს გაიმართება, აჟღერდება საოპერო არიები ჯუზეპე ვერდის „ტრავიატადან“ და „რიგოლეტოდან“, შარლ გუნოს „რომეო და ჯულიეტადან“, ჟორჟ ბიზეს „კარმენიდან“, ჯაკომო პუჩინის „ბოჰემიდან“.
ღონისძიებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები – ტენორი ოთარ ჯორჯიკია, ბარიტონები გოჩა აბულაძე და მიხეილ ქირია.
საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორია ცნობილი ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი.
ნინო მაჩაიძის კონცერტის მხარდამჭერი არიან ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი „კონცეპტარტი“.
ნინო მაჩაიძე ბავშვობიდან მღერის. მან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტი დაამთავრა. 2000–2005 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მოღვაწეობდა.
2005 წელს მაჩაიძემ ლა სკალას ახალგაზრდა ვოკალისტთა აკადემიაში კონკურსზე 400 პრეტენდენტთა შორის გაიმარჯვა და თეატრში მაშინვე ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ ლა სკალაში რიხარდ შტრაუსის ოპერა Ariadne auf Naxos-ში, ნაიადას როლში მაჩაიძის წარმატებული დებიუტი გაიმართა.
კონცერტის შემდეგ მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ნინო მაჩაიძეს „ქართული სენსაცია“ უწოდეს. ამ ხმაურიან გამოსვლას ახალი როლების შეთავაზება მოჰყვა.
კიდევ უფრო დიდი წარმატება მოჰყვა ნინოს გამოსვლას 2008 წელს ევროპის პრესტიჟულ ზალცბურგის მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც როლანდო ვილიასონთან ერთად შარლ გუნოს ოპერა „რომეო და ჯულიეტაში“ ჯულიეტას პარტია შეასრულა. მანამდე ამ ოპერაში ვილიაონს პარტნიორობას ანა ნესტრებკო უწევდა. მაჩაიძის ჯულიეტამ მსმენელის ოვაცია და აღფრთოვანება, მუსიკალური კრიტიკოსების დადებითი შეფასებები გამოიწვია.
ამჟამად მომღერალი მილანში ცხოვრობს. ლა–სკალას გარდა, გამოდის ისეთ საოპერო სცენებზე, როგორებიცაა ნიუ–იორკის მეტროპოლიტენ–ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, ლონდონის კოვენტ–გარდენის სამეფო თეატრი და სხვა.