„ნაცების“კიდევ ერთი წაგება და მათი „ლუსტრირებული მტრები“

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
პატიმარი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 მერაბ ხაჩიძე

 საქართველოში გონიერ ადამიანს საბედნიეროდ ბევრს შეხვდებით. სხვა საქმეა, რომ ასეთებს ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ან არ უწევთ, ანდა იშვიათად ჩანან. არადა ახალ და მართლა დამოუკიდებელ ანალიზს ჩვენში წესით მართლა ოქროს ფასი უნდა ჰქონდეს. ეს იმ ფონზე, როცა პირადმა ამბიციამ და შიშველმა მერკანტილიზმმა ლამის საერთოდ მიგვავიწყა საზოგადოებრივი ინტერესები. სახელმწიფოზე ალბათ, ლაპარაკიც აღარ ღირს.   

 ვეჭვობ რომელიმე სატელევიზიო არხზე მოისმინოთ ის, რაც ერთ–ერთმა ქალბატონმა სოციალურ ქსელში დაწერა. საუბარი 2012 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტპატიმრებსა მათი შეწყალებისას „კორუფციულ გარიგებების“ ამ დღეებში ყბადაღებულ თემას ეხება: „ მთელი ეს კამპანია ჩემი აზრით, მიზნად ისახავს პოლიტპატიმრების განთავისუფლების აქტის დისკრედიტაციას…  ვის ვის და ნაციონალურ მოძრაობას პოლიტ — პატიმრების სია თავიდანვე ყელში ჰქონდა გაჩხერილი. მოკრძალებულად კი მინდა მოგახსენოთ, რომ თუ ოდნავი ეჭვი მაინც არსებობს კორუფციულ გარიგებაზე, აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული და დასასჯელი დასჯილი…“

 აქ სხვა ლოგიკა, უბრალოდ შეუძლებელია, რომ არსებობდეს. ეს ყველაფერი ერთი დიდი,  ცოტა ადრე დაწყებული კამპანიის ნაწილია. დღეს არავინ გაყიდულა. უზნეო ადამიანები ყოველთვის ერთად იყვნენ და არიან. საზოგადოების ლოგიკური დაინტერესება ტელევიზიებმა რიტორიკულ კითხვად აქციეს. კიდეც რომ დამტკიცდეს, რომ პოლიტპატიმრებს და ზოგადად პატიმრებსაც ქრთამით უშვებდნენ ციხიდან,  რატომ დუმდნენ ეს ადამიანები (ელისაშვილი და ქორიძე) წლების მანძილზე?! თუკი გამოძიება მართლა დაადგენს და პასუხისგებაში მისცემს მავანს, ამით რა შეიცვლება?! ის რომ ვიღაცამ იცოდა და არ თქვა?! 

 საქმე ის არის, რომ ორი–სამი წლის წინ ამ თემაზე საუბარი არავის არაფერში სჭირდებოდა. უფრო სწორედ არ სჭირდებოდა ყოფილ ხელისუფლებას. არჩევნები მოდის და სატელიტებმა „ნაცებს“ თავი შეახსენეს. ზოგიც თვითონ მოისაკლისეს მარტივ მამრავლებად დაშლილმა ნაციონალებმა. ბესელია (მე პირადად არაფერს ვერჩი) ბრალდებულის სკამზეც რომ აღმოჩნდეს, სიტყვა „პოლიტპატიმარი“ „გირჩებად“ და „რკოებად“ დაყოფილ ყოფილ ხელისუფლებას მართლაც  აკაციის ეკალივით რჩება შერჭობილი და სერიოზულად უფუჭებს ისედაც ბუნდოვან პერსპექტივას.

 რამდენიც არ უნდა იძახო პოლიტიკურად არავინ შეგვივიწროვებია, ქრთამებით ციხიდან დახსნილი ხალხი ჩვენი სახელის გასატეხად გაასაღეს „პოლიტიკურებადო“, მაინც არაფერი გამოვა. სად გინდა გაექცე იმას, რომ ათი წლის მანძილზე ქართულ სასამართლოს სულ ორი–სამი გამამართლებელი განაჩენი  აქვს გამოტანილი და სამასი ათასი ადამიანი ჰყავდა მიცემული პასუხისგებაში. ამდენი პატიმარი პინოჩეტს არ ჰყოლია  ჩილეში. ასეთ უკიდურეს აქციას რომ სწორედ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მატარებელი ხელისუფლება ატარებს, ამას პატარა ბავშვიც დაეთანხმება. „ნაცებმა“ ეს რაუნდიც აშკარად წააგეს. ამის გარდა ზოგიერთების„პატარა ლუსტრაციაც“ მოხდა. 

 ეს თემა მართლა ღირს ჭკვიანი და  გონიერი ადამიანებისაგან საჯარო განხილვის საგნად და არა ისე, როგორც ამას ჩვენი ტელევიზიები აკეთებენ, აბსოლუტურად არაფრისმთქმელი პერსონიფიცირებით – ბესელიაა მართალი, თუ ელისაშვილი?! 

 ასეთ გადაცემებს და ასეთი  ფორმით „პოლიტიკოსებს“ შორის ურთიერთბრალდებებს იმდენი კავშირი აქვს იქით პოლიტიკასა და აქეთ ჟურნალისტიკასთან, რამდენიც თქვენს მონა–მორჩილს –  მეტალურგიასთან.


ყველა ახალი ამბავი
0