კანონი უწესო ადამიანებისთვის არ იწერება

© facebook.com/CityHallofTbilisiУборка мусора в парке Ваке
Уборка мусора в парке Ваке - Sputnik საქართველო
გამოწერა

 მერაბ ხაჩიძე

ამბობენ, რომ პირველი იანვრიდან გარემოს დაბინძურებისათვის კერძო პირები (იგულისხმებიან ქუჩაში ფეხით მოსიარულეები) 80 ლარით დაჯარიმდებიან. კეთილი დაპატიოსანი, ადმინისტრირება ზოგჯერ აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებაა, მაგრამ როდემდე უნდა კეთდებოდეს საქმე დაშინებისა და მუქარის ხარჯზე?!  ალბათ მანამდე სანამ…  თუმცა ამას ცოტა ქვემოთ ვიტყვი.

 კრწანისის ტრაგედიის ამსახველ მემორიალთან სამ მოქალაქეს „სუფრა“ ჰქონდა გამართული. სვეს, ჭამეს და მერე ისე გაეცალნენ იქაურობას, რომ მიტოვებული ნასუფრალისა არყის ბოთლებისკენ ცალი თვალითაც არ გაუხედავთ. 

 დღეს ადამიანს ვერ ნახავთ ასეთი სურათი რომ  გაუკვირდეს. ეს კი ტრაგედიაა, მაგრამ ქუჩის დანაგვიანებაზე მეტი ტრაგედია სხვა რამეა. იმ დროს იქაურობას გამვლელ–გამომვლელი არ აკლდა. და რაც მთავარია, არ აკლდა მიტოვებული ნასუფრალის გამო უკმაყოფილო სახეები. სიმართლეს ვიტყვი: არც მე და არც სხვას, ვინც ამ ამბავს შევესწარით, არაფრად გვიღირდა და არც გაგვიჭირდებოდა გვეიძულებინა საკუთარი ხელით აეკრიფათ თავისივე დაყრილი ნაგავი, მაგრამ გავჩუმდით და ყურიდან ყურში გავატარეთ. სხვისი უსაქციელობის გამო რომ უკმაყოფილო სახე მივიღეთ და ესეც საკმარისად ჩავთვალეთ.  არადა საკუთარ უსაქციელობაზე ფიქრით  – იმაზე, რომ უზნეობას წავუყრუეთ, თავი დიდად არ შეგვიწუხებია. საქმე საქმეზე რომ მიდგეს – ისინი (ნაგვის დამყრელები) უზრდელები არიან. ჩვენ კი ზრდილობა არ გვესწავლება. 

 ასეა, ცალი ხელით კანონს ვამკაცრებთ, მეორეთი – ნაგავს ვიყრით თავზე. 1946 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი ერთი წლის დამთავრებული იყო, საქართველოში ცნობილმა ჯონ სტეინბეკმა და ასევე ცნობილმა ფოტოგრაფმა კაპამ იმოგზაურეს. ერთად გამოცემულ წიგნში სტეინბეკმა დაწერა: უფრო დაგვილ–დასუფთავებული ქალაქი, ვიდრე თბილისია, არსად შემხვედრიაო. გაგვეხარდა ქართველებს. თანაც გაგვეხარდა ისე, რომ არც გვიფიქრია – ახლა, დღეს რას იტყოდა ამ სიტყვების ავტორი?! თუმცა არც ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა. ნორმალური ადამიანი სახლს იმიტომ ალაგებს, რომ ნაგავში არ იჯდეს, თორემ სტუმართან თავის მოსაწონებელი ბევრი სხვა რამეც არ გვაკლია ქართველებს. მაშინაც, სტუმრებისგან  საქებარი სიტყვების მოსასმენად არ იქცეოდნენ ასე. სხვათაშორის არც ამდენი სტუმარი ჩამოდიოდა ქვეყანაში.

 1946 წელს არც ამხელა კომუნალური სამსახურები არსებობდა, როგორიც დღეს გვაქვს და არც ის ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალება. ანდა რომელი კომუნალური სამსახური აუვა ქუჩების, მდინარეებისა ღელეების  გაწმენდა–დასუფთავებას?!  ადამიანებს როგორც სჩანს ჰქონდათ ის, რისი ნაკლებობაც ყველგან და ყველაფერში აშკარად იგრძნობა – სიყვარული და პასუხისმგებლობა. გამკაცრებული კანონიდან წამოსული მუქარა კი ვერ გადაგვაცვევს უკვე ჩვევაში გადასულ მავნე თვისებას – ერთმანეთს თავზე ვაბერტყოთ ბინიდან გამოტანილი მტვერი და ნაგავი. ისიც ხომ ფაქტია, რომ არც ბოთლები გადამხტარან საკუთარი ნებით მტკვარში თავის დასახრჩობად.


ყველა ახალი ამბავი
0