მანანა ტურიაშვილი
რუსთაველის თეატრში XX საუკუნის იაპონელი დრამატურგისა და თეატრის თეორეტიკოსის ძიუნძიკინოსიტას ნაწარმოები „წეროს ფრთები“ განახორციელეს.
რეალიზმთან შერწყმული იაპონური ფოლკლორული ტრადიციები მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელმაც ერთ დროს გადაარჩინა წერო. ულამაზესი ქალი-ფრინველი დიდ სიყვარულს და თავდადებას აჩუქებს მას, მაგრამ ვინაიდან სიკეთეს — ბოროტება და სიყვარულსა და ბედნიერებას — შური მუდამ თან სდევს, ამ მარადიულ ღირებულებებთან ბრძოლის პროცესის შექმნა, ალბათ შემოქმედებითი ჯგუფის ამოცანა იყო.
წარმოდგენა განხორცილდა ექსპერიმენტულ სცენაზე, სადაც ე. წ. „ახლო ხედის“ პრინციპი აშკარაა, მაგრამ დაუჯერებელია ის, რომ მსახიობები, ძირითადად დიდი სცენის, ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი სცენური ხერხებით მოქმედებდნენ. ამასთან, როცა პერსონაჟებს უყვართ ერთმანეთი, ცალსახად მხოლოდ ერთი ტონალობის სიყვარულს გამოხატავენ და არა მის გრადაციებს, ცვლილებებს. როცა მოქმედ გმირებს შურთ ან სიხარბე დასძლევთ, ამ გრძნობების ილუსტრაციისთვის ფართოდ გავრცელებულ თეატრალურ შტამპებს იყენებენ. გამოვყოფდი მსახიობ ლელა ახალაიას, რომელიც ქალ-ფრინველის მთავარ როლს თამაშობს, უმეტეს ეპიზოდებში ის ბუნებრივია და სწორედ მისი შესრულება ანიჭებს სპექტაკლს სუნთქვას.
წარმოდგენის რეჟისორი და ქორეოგრაფი გიორგი ოსეფაშვილი, რამდენიმე წელი მუშაობდა პანტომიმის თეატრში — მსახიობად. მან სერგო ზაქარიაძის თეატრალური სასწავლებელი დაამთავრა. დღეს გიორგი ოსეფაშვილი მსახიობად აღარ მუშაობს და ამის მიზეზად ასაკს ასახელებს. რას ფიქრობდნენ მსახიობები და რეჟისორი სპექტაკლის პრემიერის დღეს, ამას ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ.
სპექტაკლის რეჟისორი და ქორეოგრაფი გიორგი ოსეფაშვილი: დღეს ჩვენს ქვეყანაში სიყვარულის დეფიციტია. ჩემს ირგვლივ ისეთი აკრძალული ხერხებით ებრძვიან ერთმანეთს, რომ გაკვირვებული და გაოცებული ვარ. ჩვენი ხალხი მზად არის ერთმანეთს ფეხი დაუდონ, ისე როგორც ამ ნაწარმოების მოქმედი გმირები იქცევიან. სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სიყვარულის ნასახი აღარ შეგვრჩა. ურთიერთობაში უპატივცემულობა და ზიზღია გამეფებული. მე თუ რამემ შემაწუხა, მხოლოდ მაშინ ვდგამ სპექტაკლს და ამ ნაწარმოებს იმიტომ მოვკიდე ხელი, რომ მეთქვა: მთავარი სიყვარულია და არა ფული!
ამ ნაწარმოებში მარტოობის თემაც აქტიურია. მე სამჯერ გახლდით იაპონიაში, დაკვირვებისათვის დრო მქონდა და დავაფიქსირე, რომ ისინი ტრაგიკულად განიცდიან მარტოობას. რასაკვირველია ყველა ქვეყანაშიც ასეა, მაგრამ იაპონიაში ძალიან მწვავედ დგას ეს საკითხი. ჩვენს სპექტაკლში ვაჭრები ეუბნებიან იოხიოს: შინიდან წადი და უთხარი, რომ აღარ დაბრუნდები“. ეს თითქოს ყველაზე დიდი დასჯაა. იაპონიაში დავესწარი „კაბუკის“, „ნოს“ თეატრის სპექტაკლებს და მათი ტრადიციებიდან ბევრი რამ გამოვიყენე.
მსახიობი ბაჩო ახალაია: პრემიერამდე 10 დღით ადრე შევედი ამ სპექტაკლზე და თან მთავარ როლზე. მე ბრმას ვთამაშობ და ერთ ეპიზოდში ხურდა ფული, რომ დამივარდა, როგორც თვალხილულმა, ისე დავხედე მას და ამას გამოვასწორებ. ეს ნაწარმოები ყველა ასაკის მაყურებელს მოხიბლავს. ის რთულია და ამავე დროს მარტივიც: ბოროტებისა და სიკეთის მარადიული ბრძოლაზეა. პატარა სპექტაკლია, არ არის დამღლელი. ფართო მაყურებელზე პირველად ვცადეთ თამაში და სპექტაკლს ძირითადად შინაურები ესწრებოდნენ.
მსახიობი ქეთი სვანიძე: იაპონია ყოველთვის მაინტერესებდა და აი, მასთან „შეხვედრაც“ მომიწია. მათი ეროვნული კოსტიუმი, სიარულის და საუბრის მანერა განსაკუთრებულია. თითქოს მარტივი მოძრაობების შესრულება ძალიან რთულია. იაპონელების გრძნობათა ბუნებაში წვდომა, მარტივი არ ყოფილა.
მსახიობი ლელა ახალაია: ეს სპექტაკლი სიყვარულზეა, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზეა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მას.
მერე სიტყვით გამოდის ეს შეგონება?
რა თქმა უნდა არა, ამიტომაც აქვს ამ სპექტაკლს ასეთი ტრაგიკული ფინალი.
ბატონმა გიორგიმ მითხრა, რომ ჩვენს ქვეყანაში სიყვარულის დეფიციტია და თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
მე ასე არ ვფიქრობ, ვინაიდან ცხოვრებაში სიყვარული მაქვს და სითბოც. მყავს არაჩვეულებრივი ქმარ-შვილი და ჩემი სიყვარული — ჩემი პატარა ოჯახია. მე ეს სიყვარული მყოფნის.
და ამ სითბოს აჩვენებთ სპექტაკლში…
რა თქმა უნდა!