თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში ლეგენდარული ქართველი პოეტის, მსოფლიო ლიტარატურული შედევრის — „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის, შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგმება, — ნათქვამია სანქტ-პეტერბურგის მთავრობის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის კომიტეტის საიტზე.
ძეგლის დადგმის ინიციატორია ღია ტიპის სააქციო საზოგადოება „აისი“, რომელიც სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების სანქტ-პეტერბურგის ფილიალის ინტერესებს წარმოადგენს.
„ძეგლის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებასა და აგრეთვე მონუმენტური ხელოვნების მოცემული ნიმუშის დამზადება-დამონტაჟებას საზოგადოება [„აისი“]დააფინანსებს საკუთარი სახსრებიდან. დადგმის შემდეგ შოთა რუსთაველის ძეგლი სანქტ-პეტერბურგის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადავა“, — ნათქვამია კომიტეტის საიტზე.
ძეგლის სკულპტორები არიან ა.ივანოვი და მ. ცხადაძე, არქიტექტორი ვ. ბუხაევი. ავტორებმა ექსპერტებს რუსთაველის ძეგლის საესკიზო პროექტი და მოდელი წარუდგინეს.
კომიტეტის მუშა ჯფუფმა მოიწონა საესკიზო პროექტი და ავტორებს რეკომენდაცია მისცა, მუშა ჯგუფს ძეგლის სრულმასშტაბიანი მოდელი წარუდგინონ განსახილველად.
ეს 340 სმ სიმაღლის ბრინჯაოს ბიუსტია, რომელიც დიდი პოეტის კრებით პორტრეტს წარმოადგენს. იგი რუსთაველის ქუჩაზე, #56-ში დაიდგმება.