თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-ის კონგრესს მიმართა და საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ შაბათს, 12 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
„ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ თავის გამოსვლაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების კუთხით საქართველოს მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით გამოირჩევა, საქართველო დემოკრატიის იმედის შუქურად და დემოკრატიული იდეოლოგიისა და თავისუფლების გამავრცელებლად რჩება“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ტედ პომ 2015 წლის 10 დეკემბერს, კონგრესისადმი მიმართვისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ამ შეთახმების გასაფორმებლად საქართველოს ყველა მონაცემი გააჩნია.
„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-თან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამასთან, საქართველომ შეძლო დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების გაძლიერება“, — განაცხადა ტედ პომ.
კონგრესმენის განცხადებით, დროა, აშშ-მა საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად თავისი მხარდაჭერის სრულად მობილიზება მოახდინოს, მით უფრო, რომ ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა თავისი მზაობა, „წვლილი შეიტანოს გლობალური მშვიდობის დამყარების საქმეში“.
ამერიკელმა კონგრესმენმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირის მხარდაჭერა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია და ამასთან, აშშ ვალდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას.
აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფი კონგრესმენ ტედ პოსა და ჯერალდ კონოლის თანათავჯდომარეობით, მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას დაფუძნდა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება და მადლობას უხდის საქართველოს მეგობართა ჯგუფს (Georgia Caucus) აშშ-ის კონგრესში და ტედ პოს, მეგობართა ჯგუფის თანათავჯდომარეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. მიმართვა, რომელიც კონგრესმენმა პომ გააკეთა წარმომადგენლობით პალატაში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, — აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.