თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა ქიმიურ, ბირთვულ, რადიაციულ და ბიოლოგიურ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით, განაცხადა საქართველოს შენიაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 11 დეკემბერს, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორთან კენეტ მეიერსთან შეხვედრისას.
მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წვლილზე საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში. შეხვედრაზე მხარეები სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ საქართველოს მთავრობის წარმატებითა და თქვენთან ურთიერთობით. თქვენი ქვეყანა არის სანიმუშო მაგალითი რეგიონში უსაფრთხოების დაცვისა და განვითარების კუთხით“,- აღნიშნა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორმა. შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა კენეტ მეიერსი 2016 წელს საქართველოში, „ქიმიური, ბიოლგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესზე“ ოფიციალურად მიიწვია, — ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.