თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პარასკევს, 11 დეკემბერს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და აღნიშნეს, რომ აუცილებელია პარტნიორობის გაღრმავება სავაჭრო, ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მისი გეოპოლიტიკური როლის წამოწევა ძალიან აქტუალურია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდებოდეს, როგორც დასავლეთის მიმართულებით, ასევე აღმოსავლეთის და აზიის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშხაბადში თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების გარემოზე, ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითრებაზეც
საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს — მათ შორის თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნიკოლაე ტიმოფტისთან, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.
თურქმენეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება 2014 წლის დეკემბერში დაიწყო, როცა აშხაბადში გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა.
ქვეყნის პირველმა პირებმა მოილაპარაკეს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის შემდგომ გაღრმავებაზე, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ჰუმანიტარულ-კულტურული კავშირების განმტკიცებაზე.
დღეს ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს ძირითადად ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა. ამასთან იზრდება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების თურქმენეთში იმპორტის მაჩვენებელი, კერძოდ საუბარია მინერალურ და მტკნარ წყალზე. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, საქართველომ თურქმენეთს შესთავაზა თავისი ნავსადგურების გამოყენება ევროპაში ტვირთების ტრანზიტისათვის.