თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი უცხოური სპექტაკლი უჩვენებიათ, მაგრამ წელს, გერმანელი რეჟისორის თომას ოსტერმაიერის სპექტაკლის, „ხალხის მტრის“ მაყურებელზე ზემოქმედების ძალა, რომელიც განისაზღვრებოდა თავისი მკვეთრად ჩამოყალიბებული სათქმელით, მსახიობების არნახული და უჩვეულო ოსტატობით შექმნილი სცენური რეალობით, იმდენად ძლიერი იყო, რომ მის მხატვრულ ღირებულებას მეხსიერებიდან ვერ წაშლი. ბერლინის სახელგანთქმული „შაუბიუნეს“ თეატრის მსახიობები მოქმედებდნენ პრინციპით: „აქ, ახლა, ამ წუთს“. ასე დაიბადა ახალი სიცოცხლე, რომლის უზუსტესი წყობა უმაღლეს მათემატიკას გავდა, ხოლო მისი ჯანსაღი სუნთქვა ისეთი ენერგიით გავსებდათ, რომ ექიმი სტოკმანის მსგავსად, მზად იყავით იმ საზოგადოებისათვის გამოგეცხადებინათ ბუნტი, რომელიც მხოლოდ ტყუილით იკვებება, რომელიც მხოლოდ თავის ოჯახზე და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. სპექტაკლის შემდეგ ქართველი მაყურებელი და ფესტივალის უცხოელი სტუმრები რეჟისორთან შეხვედრას ელოდებოდნენ. მარჯანიშვილის თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე რეჟისორი თომას ოსტერმაიერი იჯდა და მაყურებლის შეკითხვებზე პასუხობდა. რასაკვირველია პირველი კითხვა სცენოგრაფიას შეეხო, ვინაიდან პირადად მე იშვიათად მინახავს თეატრალური მხატვრობა, რომელიც მოქმედი გმირიც იყო.
- როგორ მუშაობდნენ სცენოგრაფიაზე და რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი?
- მსგავს დეკორაციებს ნახავთ იბსენის პიესების ჩვენეულ ვერსიებში. დავდგი „თოჯინების სახლი“, სადაც გამოვიყენეთ მდიდრულად აღჭურვილი სახლი. შემდეგი ნაბიჯი იყო „ჰედა გაბლერი“, აქ სცენა ტრიალებდა და ძვირადღირებული დეკორაცია იყო. „ხალხის მტერზე“ მუშაობის დროს, იდგა საკითხი — როგორ გაგვეკრიტიკებინა, ეს განსაკუთრებული გერმანული ჰიპსტერობა, ისე, რომ სცენადიზაინერული ნამუშევრებით არ გაგვევსო. ეს შავი ყუთი (გულისხმობს დეკორაციას — მ. ტ.) ხისაგან არის დამზადებული და კედლებზე ცარცით დაგვხატეთ საოჯახო ტექნიკა, რომელიც ნამდვილობის ილუზიას არ ქმნის. აი, ხომ ხედავთ დახატულია ნამდვილს მიმსგავსებული დიდი აიფონი. ამ მოწყობილობებზე მთელი ჩვენი თაობა ოცნებობს. საკმაოდ ჩახლართული ნახატია, მაგრამ ახლოს რომ მიდიხარ და აკვირდები, რაღაც თავგადასავალს ემსგავსება. ახლოდან დათვალიერება საინტერესო გამოცდილებაა. ეს კატარინა ზიემკეა,ავტორი ამ ნახატებისა, რომლებიც ჩვენთვის ხელოვნების ნიმუშია. ასევე ჩვენ გვინდოდა საქალაქო შეკრების სცენისათვის სივრცე შეგვექმნა.სპექტაკლის მერე ეს დეკორაცია შავად გადაიღებება და შემდეგი სპექტაკლისათვის ცარცით ახლიდან დახატავენ.
- თუ სპექტაკლი აკრიტიკებს კულტურას, რომელიც კონკრეტულად ბერლინშია, როგორი გრძნობაა, როცა თამაშობთ იმ ქვეყანაში, რომლის შესახებ ბევრი რამ არ იცით?
- მე მგონია, რომ ეს სპექტაკლი იმუშავებს ბევრ სხვადასხვა კულტურაში იმიტომ, რომ ერთის მხრივ ძალიან ლოკალურია და პირადული. ამ სპექტაკლის გარემო ჩემია, მეც ასე მიყვარს მეგობრების შინ დაპატიჟება, ვუკრავთ მუსიკას, ვხატავთ, საქმეს ვაკეთებთ (სპექტაკლი იწყება ექიმი სტოკმანისა და მისი მეგობრების შინაურული გარემოს შექმნით — მ. ტ.), ეს ყველაფერი ჩემი პირადი სივრცეა. რაღაც მომენტში შეიძლება ვიწროა და კონკრეტული, მაგრამ გარემო გლობალურია. რამდენად იმუშავა ამ კულტურაში და რამდენად სცენური იყო… მე მგონია, რომ 30 წლამდე ასაკის თაობაში, როცა ყველაფრის აღქმა თითქოს ძალიან ესთეტურია, დახვეწილი და ყველა საკითხის მიმართ თითქოს მაღალი მგრძნობელობაა, ამავე დროს შევნიშნავთ: არაფრის კეთებასაც, პოლიტიკური თვალსაზრისით არაფრის შეცვლის მცდელობას —ეს საერთო პრობლემაა…თუ უფრო ღრმა, ადამიანურ დონეზე განვიხილავთ, რა თქმა უნდა ეს პიესა სიმამაცეზეა. არის თუ არა ადამიანი საკმარისად მამაცი, რომ დასკვნები გამოიტანოს და იმოქმედოს ამ დასკვნების საფუძველზე ან ვთქვათ მოახერხოს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ამიტომ გადავწყვიტე ამ ჰიპსტერულ თაობაში გადმომეტანა ეს დადგმა.
- თქვენი ნამუშევრების დიდი თაყვანისმცემელი ვარ და თქვენი საქმიანობისათვის დიდ მადლობას გიხდით. ეს არაჩვეულებრივია, კარგია, მომწონს და აღფრთოვანებული ვარ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სპექტაკლი აქტუალურია, ჩვენს თავს ვხედავთ დავცდილობთ რაღაც კავშირების გაბმას, არამედ იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი ნამუშევარია, ეს წარმოდგენა ხელოვნების ნიმუშია.არ არსებობს სიტყვა, რომელიც ზუსტად გამოხატავს თქვენს მოღვაწეობას. თქვენ მოახერხეთ შექსპირის, იბსენის გათანამედროვება. როდის აღმოაჩენთ, რომ ტექსტი თანამედროვეა, როცა კითხულობთ თუ სარეპეტიციო პროცესში?
- გულთან ახლოს მიმაქვს ეს კომპლიმენტი და მომწონს, იმიტომ რომ ჩვენი დასის ამოცანა სწორედ ეს იყო. მე ძალიან ცუდი მკითხველი ვარ, ამიტომაც ვმუშაობ თეატრში, რომ როცა ვკითხულობ, ვერ ვიგებ… სარეპეტიციო სივრცეშისამსახიობო ხელოვნებაზე ვმუშაობთ, ბევრს არ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ ინტერპრეტაციებზე, გარემოს გამომსახველობის, რიტმის შესახებ, ან რამდენად დამაჯერებლად თამაშობს ესა თუ ის მსახიობი… ბევრი რამ, რაც ამ საღამოს ნახეთ, ცხადია რეპეტიციის პროცესში გაჩნდა. ინტერაქცია მაყურებელთან სტოკმანის როლის შემსრულებლის იდეა იყო და გვინდოდა ეს ყველაფერი ისე განვითარებულიყო, რომ სპექტაკლი გაგვეჩერებინა და ინტერაქციად გადაქცეულიყო. რეჟისორის ნიჭიერება გამოიხატებაარა მარტო მის გადასარევ იდეებში, არამედ იმაშიც, რომ მან სხვების მოსმენაც უნდა შეძლოს და მათი კარგი იდეები გაიზიაროს.
- მადლობა მინდა გითხრათ საქართველოში ჩამობრძანებისათვის და შესანიშნავი სპექტაკლისათვის. რას გვირჩევდით ახალგაზრდა მსახიობებს და რეჟისორებს?
- მე შემიძლია გელაპარაკოთ იმ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციიდან, რომელიც დასადგმელად იწვევს სხვა რეჟისორებს. დაინტერესებული ვარ იმ რეჟისორებითა და მსახიობებით, რომლებიც წინამორბედებს არ გვანან.
- ჩამოხვალთ და ქართველ მსახიობებთან დადგამთ?
- ჩემს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან 2018 წლამდე დაჯავშნილი ვარ.