თბილისი, 11 დეკემბერი— Sputnik. სირიის ქალაქ თელ–თამრში მომხდარ ტერაქტებს 58 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაიჭრა, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ქალაქის სახალხო ლაშქრის წყაროზე დაყრდნობით.
ხუთშაბათ საღამოს ქრისტიანულ ქალაქ თელ–თამრში სამი ტერაქტი მოხდა. დანაღმული ავტომობილები სამხედრო ჰოსპიტლის მახლობლად და სხვა ხალხმრავალ ქუჩებში აფეთქდა.
„გუშინდელ ტერაქტებს 58 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ხუთი ქრისტიანი ასირიელია, დანარჩენები კი ქურთები და არაბები“, — აუწყა წყარომ სააგენტოს.
მისი თქმით, ერთ–ერთმა აფეთქებამ ქურთული თავდაცვის ძალების კუთვნილი სამხედრო ჰოსპიტალი დააზიანა. „დაჭრილები სასწრაფოდ გადაიყვანეს ქალაქ რას–ელ–ეინის საავადმყოფოებში. მედიკამენტები საკმარისადაა, მაგრამ არიან მძიმედ დაჭრილები“, — აცხადებს წყარო.