კავალერიის მაიორი ვინგფილდი, რომელიც მისდა სავალალოდ მათუსალა არ იყო

© http://www.whenwasitinvented.org/უოლტერ კლოპტონ ვინგფილდი
უოლტერ კლოპტონ ვინგფილდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტული ისტორიები

 თამაზ ჩიქვანაია

თუ რუბრიკას  „სპორტული ისტორიები“ ჰქვია, წესით, უნდა გაამართლო კიდეც ეს სათაური. სტანისლავსკის დრამატურგიის თეორიის მიხედვით, სცენაზე დაკიდებულმა თოფმა, პიესის ბოლოს მაინც უნდა გაისროლოს. გადავწყვიტე „პიესის“ბოლოს არ დაველოდო და ერთი საინტერესო სპორტის სახეობის ისტორია შემოგთავაზოთ. 

 ჩოგბურთის დაბადების ზუსტ თარიღს ვერავინ დაგისახელებთ, თუმცა მისი ანალოგების ფესვები შორეულ შუასაუკუნეებში უნდა ვეძებოთ; უკვე მეთექვსმეტე საუკუნეში საფრანგეთის მეფეები სიამოვნებით თამაშობენ ჩოგბურთს, ოღონდ დარბაზებში. ჰენრიხ მეორემ ასეთი დარბაზი ლუვრშიც მოაწყო, ხოლო კარლოს მეცხრე 1571 წელს ამბობდა: ეს ყველაზე კეთილშობილური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვარჯიშიაო. ასეთივე პოპულარობით სარგებლობდა ეს ვარჯიში ინგლისშიც, ჰენრიხ მერვე ტიუდორის მიერ აშენებული „ჰემპტონ კორტი“, ამ დანიშნულებით, უკვე 500 წელია არსებობს; თუმცა ეს მაინც სხვა თამაში იყო, ხოლო რაც შეეხება თანამედროვე ჩოგბურთს, მისი მამამთავარი დიდი ბრიტანეთის კავალერიის მაიორი, უოლტერ კლოპტონ ვინგფილდია (Walter Clopton Wingfield). ამ პატივცემულმა ბატონმა 1873 წელს გამოაქვეყნა ახალი თამაშის წესები, რომელიც რამდენიმე სხვა სახეობის, კერძოდ, კორტ ტენისის, ბადმინტონის, ფაიფისა და კრიკეტის პრინციპებს ეფუძნებოდა. მაიორმა თამაშს სფერისტიკა უწოდა (ბერძნულად- ითამაშე ბურთი). თავად ისეთი კმაყოფილი გახლდათ ახალი თამაშით, რომ გამოგონება დააპატენტა კიდეც, იმ იმედით, რომგვარიან შემოსავალს მიიღებდა, თუმცა მაიორის იმედებს განხორციელება რატომაც არ ეწერა, ამას პუბლიკაციის ბოლოს შეიტყობთ. პირველი საჩოგბურთო ტურნირი 1877 წელს ჩატარდა ლონდონის გარეუბანში და სწორედ ეს შეჯიბრი იქცა თანამედროვე უიმბლდონის წინამორბედად. ტურნირს უმასპინძლა უიმბლდონის კრიკეტის კლუბმა. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დღე ამავდროულად, ჩოგბურთის სატურნირო ისტორიის ათვლის წერტილიცაა. დღეს უიმბლდონის  ტურნირი სპორტის ყველა მოყვარულმა იცის, იგი ყველაზე ძველია დიდი სლემის სერიიდან და ამასთან ერთადერთი, რომელიც ბალახის საფარზე ტარდება.

    საქართველოში ჩოგბურთი გაიცნეს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, როცა ინგლისის ფირმა „forward and Salinas“-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურის მკვიდრთ ახალი თამაში გააცნო. გამოჩენილი ჩოგბურთელისა და პედაგოგის იან ჰომერის გადმოცემით ამ სანახაობას აკაკი წერეთელიც დასწრებია ოჯახის წევრებთან ერთად. სწორედ აქედან გავრცელდა სხვა ქალაქებში და მალე თბილისში, მიხეილის პროსპექტზე (დავით აღმაშენებლის გამზირი),გაიხსნა კლუბი, რომელსაც სათავეში ედგა ქართული ჩოგბურთის დიდი მოამაგე იან ჰომერი. საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე ქართველ ჩოგბურთელთა წარმატებების ნუსხა იმდენად ვრცელია, რომ ამ პუბლიკაციის ფორმატი აშკარად ვერ გაუძლებს, ამიტომ ამ თემას მომავლისთვის დავიტოვებ, ამჯერად კი მცირე ექსკურსით შემოვიფარგლები.

   150-წლიანი ისტორიის მანძილზე ჩოგბურთი რა თქმა უნდა ძალიან შეიცვალა და ეს აბსოლუტურად ყველა განხრით მოხდა:ჩაცმულობით დაწყებული, ტექნიკურ-ტაქტიკური მაჩვენებლებით გაგრძელებული და ფულადი ანაზღაურებით დასრულებული. თუ უიმბლდონის პირველმა გამარჯვებულმა ჯილდოდ 12 გინეა დაიმსახურა, დღეს  დიდისლემის ტურნირების ტრიუმფატორების შემოსავალი მილიონი დოლარებით განისაზღვრება. სავარაუდოდ, უიღბლო მაიორ ვინგფილდს ამის იმედი ჰქონდა, როცა სპორტის ამ სახეობაზე პატენტი გაიფორმა, მაგრამ ვერ გათვალა, რომ არ იყო მათუსალა და იმდენ ხანს ვერ იცოცხლებდა, რათა მის მიერ მოგონილი თამაშის მეშვეობით კრეზივით მდიდარი გამხდარიყო.  რას იზამ, ბრიტანეთის კავალერიის ერთი უბრალო მაიორი ყველაფერს ვერ გათვლიდა…


ყველა ახალი ამბავი
0