ვახტანგ კობაიძე
1972 წლის ზაფხული იყო, მოსკოვში მივლინებით ვიყავი უნივერსიტეტიდან წასული. ჩემი კლასელი დათო მიქელაძე იმ პერიოდში მოსკოვში, ასპირანტურაში სწავლობდა. ყოველ ჩასვლაზე ვურეკავდი და ვხვდებოდით ერთმანეთს, დავჯდებოდით სადმე მყუდრო რესტორანში და ვიხსენებდით სკოლაში ან უბანში მომხდარ ამბებს. იმ საღამოსაც შევხვდით, სადაც კი შესვლა დავაპირეთ, ყველა რესტორანი გადავსებული იყო. ბოლოს „ხუდოჟესტვენი პროეზდზე“ კაფე „სადკოში“ შევედით სავახშმოდ –მომცრო დარბაზში არავინ იჯდა – და სიგარეტიც გავაბოლეთ. თურმე ამ დარბაზში მოწევა აკრძალული იყო. ვახშამი რომ მოგვიტანეს, ოფიციანტს სასიამოვნო შესახედაობის, გემოვნებით ჩაცმული, წარმოსადეგი მანდილოსანი შემოყვა – კაფეს ადმინისტრატორი ზინაიდა პავლოვნა,რომ გაიგო ქართველები ვიყავითმოწევის ნება დაგვრთო,ის კი არა ჩვენთან ერთად გააბოლა კიდეც. შევატყვეთ, საუბარი სურდა… რაც იქ მოხდა, არც ველოდით და აზრადაც არ მოგვივიდოდა.
– „Ребята, вы Шурку„безрукого“ знаете? – შემდეგ დაუმატა, – Александра Дадешкелиани?! – რა თქმა უნდა ვიცოდით, მამაჩემის და მისი მეგობრებისგან გაგონილი მქონდა, ცირკში მის გამოსვლებს დავსწრებივარ კიდეც.
– Грузинов люблю и уважаю и это его заслуга.Каждый его приезд праздник, такого интеллигента и джентльмена я в жизни не встречала… და დაიწყო მოგონებათა მთელი სერია.
ალექსანდრე დადეშქელიანი, ქართული ცირკის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. დაბადებიდან ხელის კიდურები არ ჰქონდა. მის მაგივრობას საოცრად განვითარებული ფეხის თითები უწევდა –გრძელი და მოქნილი ფეხის თითები. მაყურებელი სპეციალურად მის სანახავად დადიოდა. საოცარი ნომრები ჰქონდა, ჟონგლიორობით, პიანინოზე დაკვრით, წერით და ხატვით დაწყებული, თოფის სროლით დამთავრებული. სანამ ცირკში დაიწყებდა მუშაობას „დარბაზის“(ყოფილი კინო „კომკავშირელი“) მეფედ წოდებულ შურკა „ბეზრუკის“ 30-40-იან წლებში ყველა მოწიწებით და პატივისცემით ეპყრობოდა, მის სიტყვას ფასი ჰქონდა, მოკლედ ავტორიტეტი იყო.ერთი ასეთი ეპიზოდი შურკა „ბეზრუკის“ ცხოვრებიდან, რაც მამაჩემის თაობის ადამიანებისგან მომისმენია. თბილისში ყველა უბანს თავისი ბირჟა ჰქონდა და თავისი „ყოჩიც“ ყავდა. პლეხანოვზე ასეთი შურკა „ბეზრუკი“ – ალექსანდრე დადეშქელიანი იყო. ერთ ვერელს პლეხანოველი გოგო შეყვარებია. ერთხელაც, კინოთეატრ „დარბაზის“ „ბირჟავიკებმა“ გააჩერეს და წრეში მოაქციეს. დაუწერელი კანონი იყო, გოგოსთან ბიჭს არაფერს ეტყოდნენ, რომ მიაცილებდა მერე დახვდებოდნენ და განმარტებას მოსთხოვდნენ. თუ სერიოზული განზრახვა ჰქონდა, შეეშვებოდნენ, თუ არა და… ვაი მისი ბრალი. მოკლედ, დარბაზის ბირჟის „საძმომ“ „ვერელი“ გააჩერა. ეს გოგო მათ უბნელ გოგისაც მოსწონდა. ის იყო უნდა ეცემათ, რომ შურკაც გამოჩნდა. ერთ-ერთს, რომელმაც ქვას წამოავლო ხელი, ფეხი გააწნა, ყველა გაჩერდა. ჩხუბის მიზეზი რომ გაიგო, შურკამ უბრძანა ერთი-ერთზე ეჩხუბათ. როცა ვერელმა ერთი-ორი „დარბაზელი“ მიბეგვა, შურკამ რესტორანში დაპატიჟა, შერიგებაც მოხდა და მას შემდეგ ამ კაცისთვის პლეხანოვზე ხელი არავის დაუკარებია. შემდეგ ეს „ვერელი“ და პლეხანოველი გოგო დაქორწინდნენ. გოგოსგან დაწუნებული გოგა კი ლენინგრადში წავიდა და სახელგანთქმული რეჟისორიც გახდა. ეს გოგა, გიორგი ტოვსტონოგოვი გახლდათ, მაშინ ტატიანინის ქუჩის მცხოვრები. დღეს ეს ქუჩა მის სახელს ატარებს.
ერთი საინტერესო ფაქტიც ალექსანდრე დადეშქელიანის ცხოვრებიდან. 1927 წელს კოტე მარჯანიშვილს თავის ფილმში „გოგი რატიანი“ ერთ-ერთ მთავარ როლში გადაღებული ყავს 13 წლის შურა დადეშქელიანი…
ისევ მოსკოვში დავბრუნდები… კაფე „სადკოში“ ზინაიდა პავლოვნას ხშირად ვსტუმრობდი, ყვავილებსა და ქართულ ნუგბარს მივართმევდი და ერთად ვიხსენებდით შურკა „ბეზრუკის“, ისიც ხარობდა მისი ყმაწვილქალობის ტკბილი მოგონებით. სამწუხაროდ, 80-იანი წლებიდან ზინაიდა პავლოვნა, ასე ვთქვათ, „დამეკარგა“, აღარც კაფე „სადკო“ იყო… მოგონება კი დამრჩა, თბილ მოგონებად…