რუსთაველის თეატრში პრემიერა გაიმართა. დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ თავისი ახალი ნაწარმოების სათაურად გამოიყენა ძველი ბერძენი ავტორის, არისტოფანეს პიესის სახელწოდება „ლისისტრატე“, სადაც შინაომებისაგან გაწამებული ქალები „გაფიცვას“ აწყობენ. ამ პიესის სერიოზული ფაბულით და მისი პიკანტური დიალოგებით უამრავი შემოქმედი მოხიბლულა. ლაშა ბუღაძის პიესაში,ლისისტრატე უკვე მოხუცი ქალბატონია და ის ახალი პრობლემების წინაშე დგას. რეჟისორ დავით საყვარელიძის სპექტაკლი ინტერ-აქციით მთავრდება. ახალი წარმოდგენის მიზანია საზოგადოების თვითგამორკვევის პროცესის ხელის შეწყობა, სადაც ქალებზე ძალადობისა და თვით ქალების მიერ ჩადენილი ძალადობის ფსიქოლოგიური შედეგები პროზაული ტექსტით განიხილება.
რეჟისორი დავით საყვარელიძე: უკვე რამდენი ხანია ვთანამშრომლობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, რომელიც ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ დასახულ პროექტებზე მუშაობს. ეს პროექტები ითვალისწინებს სტატისტიკურ მონაცემებს, მათ ანალიზს, ძალადობის მსხვერპლთა მოვლა-პატრონობას. ამ ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში დაფიქსირდა საქართველოში ამ ბოლო დროს გახშირებული ქალთა მკვლელობები. ჩვენ ხელთ გვაქვს დიდი სტატისტიკა მაგალითად შარშან, მამაკაცის ხელით 36 ქალი მოკვდა.
ანუ სტატისტიკა ნანახი გაქვთ, ხომ არ გეშლებათ?
არა, არ მეშლება. მე შემიძლია დაგაკავშიროთ ამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან, ისინი ძალიან სერიოზული ხალხია. მათ ჩამოაყალიბეს კითხვარები და კვლევები ჩაატარეს, ვთქვათ: რა შემთხვევაში ამართლებენ ძალადობას? ამ კვლევების მიხედვით ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა დამაფიქრებელია.
ანუ თქვენ და ბატონ ლაშას გქონდათ რეალური მასალა, რის საფუძველზეც მან შექმნა პიესა, რომელიც თქვენ დადგით?
ლაშა ბუღაძემ ახალი ტექსტი რეალურ მასალებზე დაყრდნობით შექმნა. იცით, რომ საქართველოს ბიუჯეტის თითქმის 10 პროცენტს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ქართველი ქალები ავსებენ? ეს დამაფიქრებელია. გამოდის, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით, უფრო მეტს მუშაობენ, უფრო მეტს ფიქრობენ… მათ აკადემიური მოსწრებაც ბევრად უფრო მაღალი აქვთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, ვთქვათ სახელმწიფო მშენებლობის ნებისმიერ საკითხში, ქალებს თავიანთი სიტყვის თქმის უფლება არ აქვთ. საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ ის ქვეყნები, სადაც ქალები აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვან საკითხების გადაწყვეტაში, 40% უფრო განვითარებული არიან. ჩვენ ხელთ გვაქვს საშინელი სტატისტიკა: საქართველოში, ქალები ძალიან ცუდ დღეში არიან. ისინი არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ლაშა ბუღაძემ ეს პიესა დაწერა შარშან და გაეროს ქალთა ორგანიზაციას ისე მოეწონა, რომ მისი განხორციელება გადაწყვიტა. ჩვენ შევარჩიეთ რუსთაველის თეატრის დიდი სცენა, ვინაიდან ეს თეატრი ყოველთვის იყო სოციალური და პოლიტიკური პრობლემების ეპიცენტრი. მე ვთვლი, რომ რუსთაველის თეატრმა მწვავე საკითხებზე და სოციალურ პრობლემებზე საუბარი უნდა დაიბრუნოს და თავის თავზე უნდა აიღოს.
დრამატურგი ლაშა ბუღაძე: ეს ნაწარმოები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, იდეალიზმისა და ფანატიზმის კონფლიქტზეა აგებული. ერთის მხრივ ნაჩვენები გვაქვს უკიდურესად კონსერვატული ტრადიციები, რომლებიც იმდენად რადიკალურია, რომ მათი დოგმად გადაქცევა ხდება და მეორეს მხრივ აქ არის ლიბერალური აზროვნების მაგალითიც, რომელიც ასევე შეიძლება დოგმად გადაიქცეს. ქალების ერთი ჯგუფი — ლიბერალები და იდეალისტები იცავენ თანასწორობისა და თავისუფლების კანონს, პირადად მე, მათ მხარეს ვარ და მეორე ჯგუფში გავაერთიანეთ ე. წ. ტრადიციული აზროვნების ქალები, რომლებსაც საკუთარი რევანშის რეალიზაციის ველი საკუთარი შვილების ცხოვრებაა. ეს ორი ჯგუფი, შვილების საშუალებით ებრძვიან ერთმანეთს.
ბატონო ლაშა, სპექტაკლს ვუყურებდი და ვფიქრობდი: ამ ქალებს სამუშაო და საკუთარი ცხოვრება, რომ ჰქონდეთ, მაშინ ამ პრობლემის რაღაც ნაწილიც აღმოიფხვრებოდა. ამასთან სპექტაკლს წითელ ხაზად გაჰყვება ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის ისტორია, რომელიც ამ ორი ჯგუფის დედების დაკვირვების საგანია. დღეს, საქართველოს მძიმე ეკონომიკურ ფონზე, რომელ ახალგაზრდა წყვილს აქვს საშუალება, ასე ადვილად მოცილდეს ოჯახს და ცალკე იცხოვროს? იქნებ ეს თემა ეკონომიკურ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული?
შეიძლება. ამ ბიჭზე და გოგოზე, ხომ რეალურად არავინ ფიქრობს? და არც ეს ბიჭი და გოგო ფიქრობს თავის ცხოვრებაზე. ამ წყვილში გამოხატულია ბავშვობიდან შეთვისებული პოზიციები, ისინი მოქმედებენ ადრეული ასაკიდან ჩაგონებული იდეოლოგიის საფუძველზე და არა თავიანთი ემოციების, ინსტიქტების მიხედვით.
მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრში რეჟისორმა დავით საყვარელიძემ, დრამატურგ ლაშა ბუღაძის პიესა „ლისისტრატე“ დადგა. პრემიერის დღეები გაგრძელდება 13 და 18 დეკემებრს.