საქართველოში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Rukkhyan / გადასვლა მედიაბანკშითბილისი აეროპორტი
თბილისი აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის დაკავებული მოქალაქე კრიმინალური ორგანიზაციის შექმნასა და წევრობაში, აგრეთვე ჰეროინის გადაზიდვაშია ბრალდებული. ამ ეტაპზე კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები ხორციელდება.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik.  ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური ხუთშაბათს, 10 დეკემბერს.

თურქეთის მოქალაქე ალი რიზა ისლამი, რომელიც 2015 წლის 30 ნოემბრიდან წითელი ცირკულარით იძებნება,  საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს პასპორტით ლატვიიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა.

„თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, იგეგმებოდა ნარკოტიკული საშუალების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირება. 2013 წლის 20 თებერვალს ქალაქ სტამბულში ჩატარდა ოპერაცია, რა დროსაც ავტომანქანიდან 101 კილოგრამი და 700 გრამი ჰეროინი ამოიღეს. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ალი რიზა ისლამი იყო“, — ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებული მოქალაქე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 58-ე კოდექსის 220/1, 220/2, 188/3-4-5 და 53-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებებშია ბრალდებული, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას, წევრობას და ჰეროინის გადაზიდვას გულისხმობს.

ამჟამად ალი რიზა ისლამი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის დროებითი მოთავსების N1 იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები.


ყველა ახალი ამბავი
0