ანალიტიკოსები: ჩრდილოეთ კორეის განცხადება წყალბადის ბომბზე „შიდა პროპაგანდაა“

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიკიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განცხადება წყალბადის ბომბზე შიდა მოხმარების ინფორმაციაა, მიიჩნევს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტის კორეის კვლევითი ცენტრის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი კონსტანტინ ასმოლოვი. ჩრდილოეთ კორეაში რეალური ატომური იარაღის გაჩენის პერსპექტივები, რომ არაფერი ვთქვათ წყალბადის ბომბზე, ამჟამად ძალზე ბუნდოვანია.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადება წყალბადის ბომბის შესახებ შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი, მიიჩნევენ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები.

ეს განცხადება ჩრდილოკორეელმა ლიდერმა ფხენიანში ისტორიულ-რევოლუციური დიდების ერთ-ერთ ადგილას გააკეთა. „ქვეყანამ შეძლო, რომ მძლავრი ბირთვული ზესახელმწიფო გამხდარიყო, რომელიც მზადაა, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების დაცვის მიზნით, საკუთარი წარმოების ატომური და წყალბადის ბომბები აამოქმედოს“, — კიმ ჩენ ინის სიტყვებს კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ციტირებს.

შიდა მოხმარების განცხადება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადება, რომ ქვეყანას წყალბადის ბომბი აქვს, შიდა მოხმარების ინფორმაციაა, მიიჩნევს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტის კორეის კვლევითი ცენტრის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი კონსტანტინ ასმოლოვი.

„საქმე შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ განცხადებასთან გვაქვს, რომელიც ირიბად იმით შეიძლება დამტკიცდეს, რომ ჩრდილოკორეელები თავიანთი ბირთვული პროგრამის განვითარებაზე რაღაც სამუშაოებს ნამდვილად აწარმოებენ“, — აღნიშნა ექსპერტმა.

„ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ კინ ჩენ ინი ისტორიულ სამხედრო ქარხანაში გამოდიოდა სიტყვით და ამიტომ აქცენტი მის აუდიტორიაზე უნდა გაკეთებულიყო“, — დასძინა ასმოლოვმა.

ამავე დროს, სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ჩრდილოეთ კორეას საერთოდ აქვს ატომური ბომბი, რამდენადაც ქვეყანას ამ იარაღის მიღების არანაირი საშუალებადა მისი სერიული წარმოების არანაირი შესაძლებლობა ჯერ არა აქვს. „ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამჟამად ჩრდილოეთ კორეას მხოლოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს, რომელიც მხოლოდ ასე შეიძლება გამოიყენო — შემოიტყუო მტერი ახლოს და ააფეთქო“, — აღნიშნა ექსპერტმა.

ასმოლოვის აზრით, ჩრდილოეთ კორეაში რეალური ატომური იარაღის გაჩენის პერსპექტივები, რომ არაფერი ვთქვათ წყალბადის ბომბზე, ამჟამად ძალზე ბუნდოვანია. „ბომბი უნდა გამოცადო, თანაც მრავალჯერ. აქამდე ჩრდილოეთ კორეამ მხოლოდ სამი ცდა ჩაატარა და გაუგებარია, იქნება თუ არა მეოთხე, რადგანაც ყოველი ცდა — ეს მაინც პოლიტიკური პრობლემების დიდი კუდია, მათ შორის ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობებში“, — დაასკვნა ექსპერტმა.

ჩვეული რიტორიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგის დმიტრი სტრელცოვის აზრით, ჩრდილოკორეელი ლიდერის განცხადება პროპაგანდული და რიტორიკული ხასიათისაა.

„ყველას გვესმის, რომ, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები პროპაგანდული ხასიათისაა და გათვლილია არა იმდენად დაშინებაზე, არამედ იმაზე, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ფხენიანს რამენაირი ანგარიში გაუწიონ“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ და გაიხსენა, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობამ ადრეც არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანას მასობრივი განადგურების საშუალებები გააჩნია და მზადაა, ეს იარაღი აამოქმედოს კიდეც და „მტრებს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს“.

„საუბარია რიტორიკაზე, ძირითადად, რიტორიკულ ქმედებებზე. ამ განცხადებას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი“, — დასძინა ექსპერტმა. „ეს რაღაც ახალი არ არის, ეს ყველაფერი უკვე ნანახი გვაქვს, ეს „დეჟა ვიუა“, — აღნიშნა მან.

სტრელცოვის აზრით, რა იმალება სინამდვილეში კიმ ჩენ ინის განცხადებების უკან, ამაზე შეუძლიათ იმ ექსპერტებმა ილაპარაკონ, „ვისაცჩრდილოეთ კორეის ამჟამინდელისამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის შეფასება შეუძლია“.

ექსპერტის თქმით, ეს გამონათქვამი, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი, რათა მოსახლეობას აჩვენონ, რომ ჩრდილოეთ კორეა ძლიერი სახელმწიფოა.

„ვფიქრობ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ამ რიტორიკას უკვე ყველა მიეჩვია. ყველას ესმის, რომ საუბარი მხოლოდ ასეთ პროპაგანდისტულ ჟესტებზეა“, — განაცხადა მან კითხვაზე პასუხისას, მოჰყვება თუ არა რეაქცია კიმ ჩენ ინის განცხადებას ჩრდილოეთ კორეის მეზობელი ქვეყნების მხრიდან.

ჩრდილოეთ კორეამ 2005 წელს თავი ბირთვულ ზესახელმწიფოდ გამოაცხადა, ხოლო 2006, 2009 და 2013 წლებში მიწისქვეშა ბირთვული ცდები ჩაატარა, რამაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პროტესტი გამოიწვია. 2012 წლის დეკემბერში განხორციელდა რაკეტა „ინხა-3“-ის (თანამგზავრ „კვანმენსონ-3“-ის მეორე მოდიფიკაციით) გაშვება. ბევრი ქვეყანა, პირველ რიგში იაპონია, აშშ და სამხრეთ კორეა შიშობენ, რომ სინამდვილეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს და ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ქობინის შექმნაზე მუშაობს.


ყველა ახალი ამბავი
0