თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბები — „ცხინვალი“ 1500 ლარით, „საპოვნელა“ 5000 ლარით, თბილისის „დინამო“ 3000 ლარით და „სიონი“ 5000 ლარით დაჯარიმდნენ. ასეთი რეაგირება ჰქონდა დისციპლინარულ კომიტეტს ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის XIV ტურის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებთან მიმართებით.
„ცხინვალსა“ და „საპოვნელას“ შორის გამართული მატჩის (3:0) მეორე ტაიმში, რომელიც თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზ ჩატარდა, გუნდების გულშემატკივრებს შორის ჩხუბი გაიმართა, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ინციდენტის შედეგად, მსაჯები იძულებულნი გახდნენ მატჩი განსაზღვრული დროით შეეჩერებინათ, გარდა ამისა, დაზიანდა სტადიონის ინვენტარი.
სფფ-მ ინციდენტის წამქეზებლად თერჯოლელი გულშემატკივრები დაასახელა.
ფულადი ჯარიმის ოდენობიდან გამომდინარე, „საპოვნელა“ უახლოეს მატჩს საკუთარ მოედანზე ცარიელი ტრიბუნებით გამართავს.
„საპოვნელას“ ხელმძღვანელობა დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მის გასაჩივრებას აპირებს.
ანალოგიური ვითარება შეიქმნა „დინამო არენაზე“ გამართულ მატჩზე, სადაც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „სიონი“ (4:2) ხვდებოდნენ. „სიონის“ გულშემატკივრებმა თბილისის კლუბის ფანატებთან ჩხუბი გამართეს, რომელიც არეულობაში გადაიზარდა.
სფფ-ის გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოც“ ასევე ცარიელი ტრიბუნებით ჩაატარებს უახლოეს მატჩს საკუთარ მოედანზე.